ეშმაკს აცვია პრადა თუ თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ დაუნდობელი მირანდა პრისლის რეალური პროტოტიპი, არც მეტი, არც ნაკლები, Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტურია. და, ვერც კი დაიჯერებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ვინ აღმოჩნდა მის გვერდით! დიახ, სწორად ხვდებით — ანდრეა საქ... კი არადა, ენ ჰეთეუეი.
ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი, რომელმაც 2006 წელს გამოსულ ფილმში ეშმაკს აცვია პრადა, მთავარი როლი შეასრულა, ამერიკული მაღალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრო. მას ადგილი მოდის სფეროში ყველაზე გავლენიანი რედაქტორის გვერდით ერგო. ამ ყველაფერს უბრალო დამთხვევადაც ჩავთვლიდით, რომ არა მსახიობის საოცრად ნაცნობი სტილი — ნაქსოვი როლინგი, წაბლისფერი ტყავის ქურთუკი და ცხენის კუდად შეკრული თმა. ერთი სიტყვით, ანა ვინტურს გვერდს პირწავარდნილი ანდრეა საქსი უმშვენებდა.
თავად ვინტური ღონისძიებაზე ჩვეული და მისთვის უკვე "საფირმო" სტილით მივიდა — მუქი სათვალე და მოკლედ შეჭრილი ქერა თმა.
თუკი ფილმი არ გინახავთ, მოკლედ გეტყვით, რომ 2000-იანებში გამოსული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოსურათი ლორენ ვაისბერგერის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. მწერლობამდე ვაისბერგერმა პერსონალური ასისტენტის პოზიცია მოირგო და პირდაპირ ანა ვინტურთან მოხვდა. ამ სამსახურში ლორენმა ერთი წელიც ვერ გაძლო, სამაგიეროდ, წამოსვლის შემდეგ თავისი გამოცდილება მხატვრულად აღწერა წიგნში ეშმაკს აცვია პრადა, რომელიც ბესტსელერად იქცა. მისი მთავარი გმირი ანდრეა საქსია — ახალგაზრდა გოგო, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოდის სფეროს ყველაზე გავლენიანი რედაქტორი ქალის ასისტენტობას იწყებს.
გამოცემიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც, ეშმაკს აცვია პრადა მაღალი მოდის სფეროს უცნაური კულუარული ამბების ყველაზე ცნობილ მამხილებელ ტექსტად მიიჩნევა.