ბოლო ერთ თვეში უკრაინის ჯარის წარმატებების მიუხედავად, ნაადრევია იმის თქმა, რომ ომის მსვლელობა შეიცვალა. მიმდინარე თვის დასაწყისიდან უკრაინა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს, რის შედეგადაც რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლდა უკრაინის ტერიტორიის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი და ათობით დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი იზიუმი ხარკოვის ოლქში.
ბუჩას მსგავსად უმძიმესი მდგომარეობა აღმოჩდა განთავისუფლებულ იზიუმში. რუსმა ოკუპანტებმა ომის დანაშაულის უმძიმესი ფაქტები დატოვეს. აღმოჩენილია მასობრივი საფლავი, სადაც რუსეთისგან ქალაქის დეოკუპაციის შემდეგ, 400-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს. თუმცა, უკრაინის შს სამინისტრო ვარაუდობს, რომ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად დაღუპული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა ბუჩას მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.
იზიუმში ჯგუფს აგზავნის გაერო, რათა შეამოწმონ მასობრივი საფლავი და გამოიკვლიონ, დაღუპულები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები თუ სამხედრო პირები, ასევე გამოარკვევენ გარდაცვალების მიზეზებს. უკრაინის ომბუდსმენი კი დადასტურებულად აცხადებს, რომ იზიუმის სამარხში უკრაინელი სამხედროების ხელებშეკრული ცხედრები იპოვეს. გარდა ამისა, ნაპოვნია მთელი ოჯახების, მათ შორის ბავშვების სამარხები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ რუსეთი მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს.
„მსოფლიო, რომელშიც არ უნდა იყოს სისასტიკე და ტერორიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი იქ არის და მისი სახელი რუსეთია. რუსები არიან მკვლელები, მწამებლები, ყველაფერი ადამიანურის არმქონენი. ვერ გაიქცევიან, ვერ დაიმალებიან. დამსახურებული სასჯელის მიზღვა სამართლიანად შემაძრწუნებელი იქნება. ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი წამებული სულისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
უკრაინელი სამხედროების მიერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმატებული კონტრშეტევის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სირიიდან გარკვეული სამხედრო რესურსი თანდათან გაჰყავს, რათა უკრაინაზე ფოკუსირდეს. „როიტერი“ თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა თურქეთს სირიის ლიდერ ბაშარ ასადთან ურთიერთობების ნორმალიზება სთხოვა იმისთვის, რომ სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა დაჩქარდეს.
„რუსეთს სურს, რომ სირიამ და თურქეთმა დაძლიონ თავიანთი პრობლემები და მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებებს, რომლებიც შედის როგორც თურქეთის, ასევე სირიის ინტერესებში. ამასთან, რუსეთი სირიას მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, რადგან მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი და ასადის პოზიციები იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევს ძალების გადაყვანა უკრაინაში, სადაც მან მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა გასული კვირის განმავლობაში“, - აცხადებს თურქი ჩინოვნიკი.
პარალელურად კი ვრცელდება ვიდეო, სადაც „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი პატიმრებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს. როგორც „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, ვისაც არ სურს მსჯავრდებულების საბრძოლველად გაგზავნა, მათ ნაცვლად თავიანთი შვილები უნდა გააგზავნონ. „ან კერძო სამხედრო კომპანიები და პატიმრები, ან თქვენი შვილები - თავად გადაწყვიტეთ“, - მიმართავს პატიმრებს ევგენი პრიგოჟინი.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, უკრაინაში საბრძოლველად პატიმრების გადაბირებას ცდილობს. კერძოდ, ვიდეოში ისმის, რომ ის პატიმრებს უკრაინაში 6-თვიანი ბრძოლის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს, მაგრამ პატიმრებს აქვე აფრთხილებს, რომ დეზერტირობის შემთხვევაში მათ უბრალოდ დახვრეტენ.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ომის დასასრულს არ ნიშნავს. შესაბამისად, სტოლტენბერგმა პარტნიორებს მოუწოდა, მზად იყვნენ გრძელი გზისთვის.
„რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია იმის დანახვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ტერიტორიის უკან დაბრუნება, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი“, -აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ რუსეთის მოტივების სიცხადეს ვიდრე პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს - აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. მისი თქმით, მძიმედ შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფო, რუსეთის სახით, ძალის გამოყენებით ცდილობს ევროპაში საზღვრების შეცვლას და ეს რომ გამოსულიყო, ევროპა მრავალი წლით დაიხევდა უკან.
„ამაში ეჭვის შეტანა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვისაც არ გაუგია და არ წაუკითხავს რას ამბობს და წერს პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც სურს რუსეთის იმპერიალურ ძალად ჩამოყალიბება და ამავდროულად თავში ცარისტული რუსეთისა და სსრკ-ის დროინდელი რუკები აქვს. უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა. რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში, სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს - აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ცივილიზებული სამყაროს მიერ გარიყული ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმსათვის, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს, მაგრამ სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „სპეცოპერაციის“ გეგმა კორექტირებას არ ექვემდებარება და გაცილებით სერიოზული ზომები იქნება მიღებული, თუკი კიევის ხელისუფლება ვერ შეიგნებს, რომ ასეთი მეთოდები დაუშვებელია.
„სულ ახლახან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორი დარტყმა განახორციელეს და მოდი, ჩავთვალოთ, რომ ისინი გამაფრთხილებელი იყო. თუკი მომავალში ვითარება მსგავსადვე წარიმართება, პასუხი გაცილებით სერიოზული იქნება. „სპეცოპერაციის“ გეგმა კორექტირებას არ ექვემდებარება. გენერალური შტაბი იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რაღაც გადამწყვეტია, ძირითადი მიზანი კი დონბასის ტერიტორიის გათავისუფლებაა.
ეს მუშაობა გრძელდება მიუხედავად უკრაინის არმიის კონტრშეტევებისა. ჩვენ ვომობთ არა სრული არმიით, არამედ რუსეთის არმიის მხოლოდ ნაწილით, მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია პირადი შემადგენლობის გარკვეულ პარამეტრებთან და ასე შემდეგ... ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.