ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს მოპოვებული პენალტით დაეხმარა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შოტლანდიური გუნდის წინააღმდეგ დადებითაც შეაფასა და ძირითადად 7 ქულა დაიმსახურა.
Tuttonapoli 7 ქულა: „ვან ბრონხორსტმა მას მატჩამდე დიდი ყურადღება დაუთმო და განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა და ქართველს ყოველთვის ორი მეტოქე მეურვეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ხშირად აკეთებს დრიბლინგს, პირველ ტაიმში გოლთანაც ახლოს იყო და მეორე ტაიმში, როცა სივრცეები გაიხსნა, ისინი იძულებულნი იყვნენ, მის წინააღმდეგ რაგბის სტილში ეთამაშათ“.
Calcionapoli24 6.5 ქულა: „ვან ბრონხორსტს მისი გვარის წარმოთქმაზე პრობლემები შეექმნა. 27-ე წუთზე დრიბლინგის შემდეგ სიმეონე კარგ პოზიციაში დატოვა, შემდეგ მარჯვენა ფეხით სცადა გატანა, გამარჯვების მომტანი პენალტი მან გამოიმუშავა“.
Calciomercato 7 ქულა: „ჩვეულებრივი ამაღელვებელი მოქმედებები, ყოველთვის აიძულებდა მეტოქეს მის წინააღმდეგ გაორმაგებული ეთამაშათ, როდესაც ის დრიბლინგს იწყებდა, „რეინჯერსს“ აწუხებდა და მისი მომენტის დამსახურებაა პოლიტანოს პენალტი“.
Eurosport 7 ქულა: „ხანდახან ჯიუტად ცდილობდა დრიბლინგს, მაგრამ ამ ბიჭს სხვანაირად თამაში არ უნდა მოვთხოვოთ. მისი დარტყმიდან დაიბადა მეორე პენალტი, რომელიც პოლიტანომ გაიტანა“.
Tuttomercatoweb 7 ქულა: „გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ქართველს მორიგი კარგი საღამო ჰქონდა“.
Sportmediaset 7 ქულა: „როცა ბურთი ფეხებში აქვს, ყოველთვის საშიშია. რამდენიმე დარტყმა ძელს ოდნავ ასცდა, შემდეგ პენალტი მოიპოვა. თავისი აჩქარებებით ტავერნიეს პრობლემები შეუქმნა“.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 18 სექტემბერს, სტუმრად „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს, მერე კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.