Wired-ის უწყებით, გენური რედაქტირების ტექნიკების გამოყენებით მეცნიერებმა სიმელოტის სამკურნალოდ ახალ მეთოდს მიაკვლიეს.
მკვლევართა გუნდისა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის Amplifica მტკიცებით, მათ სასიგნალო გზა აღმოაჩინეს, რომელიც თმის ზრდაზე აგებს პასუხს. მეცნიერების მიზანი იყო, ახალი გზები გამოენახათ და ღეროვანი უჯრედებისათვის საშუალება არ მიეცათ, რომ თმის ფოლიკულების წარმოქმნა შეეწყვიტათ. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები დამაიმედებელია, ნაშრომი კი გამოცემაში Developmental Cell გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში თაგვებს იმგვარი გენეტიკური მოდიფიკაცია ჩაუტარდათ, რომ თმის ზრდის სასიგნალო გზა მუდმივად გააქტიურებული ჰქონდათ. შედეგად მათ თმა სწრაფად გაეზარდათ.
რნმ სეკვენირების გამოყენებით გუნდმა აღმოაჩინა, რომ გენმოდიფიცირებულ თაგვებში გვხვდებოდა მოლეკულა, სახელად SCUBE3, რომელიც, როგორც ჩანს, ფოლიკულებს თმის ხელახლა წარმოქმნისაკენ უბიძგებს.
საგულისხმოა, რომ ტექნიკამ იმ თაგვებშიც კი გაამართლა, რომელთაც კანზე ადამიანის თმის ფოლიკულები ჰქონდათ გადანერგილი.
კვლევის შედეგები დამაიმედებელია — შესაძლოა, ეს პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს, რომელიც სიმელოტისათვის ეფექტურ სამკურნალო საშუალებამდე მიგვიყვანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თმის ამომყვანი მედიკამენტები თუ ტრანსპლანტატები დღესდღეობით ინვაზიური და ძალიან ძვირია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო კვლავაც ბევრია, სანამ ტექნიკის ადამიანებზე გამოყენება დაიწყება.
მიუხედავად ამისა, UCLA-ს პროფესორისა და Amplifica-ს მთავარი სამეცნიერო ოფიცრის, მაქსიმ პლიკუსის, წარმოდგენით, მომავალში SCUBE3 ბოტოქსის მსგავსი მარტივი ინიექცია იქნება გამელოტების პირას მყოფი პაციენტებისათვის. მისი აზრით, თავის კანში მილიმეტრზე ნაკლებ სიღრმეში უბრალოდ მოლეკულას შეიყვანდნენ, პროცედურას კი დაახლოებით 20 წუთამდე დრო დასჭირდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სისტემას ერთი საკმაოდ დიდი ხარვეზი აქვს: რა მოხდება იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც თმის ფოლიკულები საერთოდ არ აქვთ? ამ დროს მათ ახლების გადანერგვა მაინც მოუწევთ.
ამ შეზღუდვის მიუხედავად, მეცნიერები კვლავაც განაგრძობენ სიმელოტესთან საბრძოლველად ისეთი მეთოდების ძიებას, რომლებიც ნაკლებად ინვაზიური და ბევრად იაფი იქნება.