როგორც ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის პოსტიდან ვიგებთ, უახლოეს მომავალში მომღერლის სცენაზე გამოჩენას მაყურებელი აღარ უნდა ელოდოს. გასულ კვირას მომღერალმა თავის ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეურვეობის ქვეშ ყოფნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ სცენაზე გამოჩენას აღარ გეგმავს.
ბრიტნის თქმით, 13-წლიანი მეურვეობის დროს საკუთარი მუსიკალური ვიდეოების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება ნაკლებად ჰქონდა. მომღერალმა ისიც გაიხსენა, რომ ამ პერიოდში ფოტოგრაფებთან მუშაობაც მისთვის უსიამოვნო გამოცდილება იყო. პოსტის დიდი ნაწილი კი ბრიტნის მამას, ჯეიმი სპირსს ეხებოდა, რომელიც 2008 წლიდან 2021 წლამდე მომღერლის მეურვე იყო.
მომღერალმა კომენტარი მოცეკვავეების შესახებაც გააკეთა, რომლებთან ერთადაც იძულებული იყო, რომ სცენაზე არაერთხელ გამოსულიყო. ბრიტნის თქმით, წარსულის გამოცდილებამ "ტრავმირებული" დატოვა და ამიტომ, აღარ იცის, სცენაზე გამოსვლას კიდევ თუ შეძლებს. "ძალიან ტრავმირებული ვარ და დიახ, გაბრაზებულიც ვარ. არა, სავარაუდოდ სცენაზე აღარ გამოვალ, რადგან ჯიუტი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებას მტკიცედ დავიცავ", — წერს ბრიტნი სპირსი.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნი ახლო მომავალში სცენაზე დაბრუნებას არ გეგმავს, მან ახალი სიმღერა უკვე გამოუშვა. სიმღერას Hold Me Closer ჰქვია და მას ბრიტნი ელტონ ჯონთან ერთად ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ალბომის, Glory-ს შემდეგ ეს ბტირნი სპირსის მიერ გამოშვებული პირველი სიმღერაა.