ბოსნიის ნაკრები რუსეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ბოსნიის ნაკრები რუსეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ბოსნიის ნაკრები რუსეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ინფორმაცია ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის ნაკრებს თამაში არ ჩაუტარებია, ფიფამ და უეფამ ის თავისი შეჯიბრებებიდან მოკვეთეს კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს, ბოსნიელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და რუსეთის საფეხბურთო კავშირის შეთავაზებას დათანხმდნენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამხანაგური მატჩი 19 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, თუმცა, ის ფიფას ეგიდით არ შედგება. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მირალემ პიანიჩი:

„ფეხბურთი ფედერაციაში იციან ჩემი პოზიცია, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. დამირეკეს და მკითხეს რას ვფიქრობდი ამ თამაშზე. ვუთხარი, რომ მიკვირს ეს გადაწყვეტილება, რაც კარგი არჩევანი არაა. როდესაც ჩვენი ნაკრები კარგად თამაშს იწყებს, რაღაც აფუჭებენ, სიტყვები არ მყოფნის, ეს კარგი არაა“, - აღნიშნა 32 წლის ფეხბურთელმა.

ბოსნიის ნაკრებმა ბოლოს მარტში, საქართველოს ნაკრებთან წააგო და მას შემდეგ 5 თამაშში არ დამარცხებულა (3 მოგება, 2 ფრე). ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიკო ჟელიკოვიჩია, რომელიც სერბული წარმოშობის ბოსნიელი პოლიტიკოსის მილორად დოდიკის ახლო ნათესავია.