ვარსკვლავთა ბინარულ სისტემაში უცნაური ორბიტის მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ვარსკვლავთა ბინარულ სისტემაში უცნაური ორბიტის მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ვარსკვლავთა ბინარულ სისტემაში მოძრაობს. მისი ორბიტა მნათობების ორბიტების სიბრტყეს არ შეესაბამება. ახალი მიგნება შესაძლოა, მსგავსი ციური სხეულების ფორმირების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმაროს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ამ სისტემაში შემავალი ობიექტების ორბიტების სამგანზომილებიანი სტრუქტურა განსაზღვრეს, რაც მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნიათ. მათ მიერ დაფიქსირებული აირის გიგანტი ეგზოპლანეტა GJ 896Ab გახლავთ, რომელიც ჩვენგან 20.3 სინათლის წლით დაშორებულ, GJ 896A-სა და GJ 896B-ს სახელით ცნობილ ვარსკვლავებთან გადაადგილდება. ავტორებმა მათ ტრაექტორიაზე ინფორმაცია რადიოტელესკოპთა სისტემის VLBA და ოპტიკური დაკვირვებების შედეგად შეგროვებული მონაცემების მეშვეობით მოიპოვეს.

დადგინდა, რომ GJ 896A მოძრაობისას გარკვეულ რყევებს განიცდის, რამაც მეცნიერებს ეგზოპლანეტის არსებობაზე მიანიშნა. ის იუპიტერზე 2.3-ჯერ მასიურია და მნათობს გარს 284.4 დღეში უვლის. რაც მთავარია, მისი ორბიტა საერთო სიბრტყის მიმართ 148 გრადუსით გადახრილია.

"ეს ნიშნავს, რომ პლანეტა მთავარი ვარსკვლავის გარშემო, მეორე მნათობთან შედარებით, საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება", — ამბობენ ავტორები.

ბინარულ სისტემაში ჩვენთვის ცნობილი ეგზოპლანეტების მხოლოდ 4% მდებარეობს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ისაა, რომ მათი დაფიქსირება ძნელია, თანაც მეცნიერული მოდელების მიხედვით, 2 ვარსკვლავის არსებობა პლანეტების წარმომქმნელ დისკოს სტაბილურობას უკარგავს.

აირის გიგანტებს წარმოსაქმნელად 5-დან 10 მილიონამდე წელია საჭირო, თუმცა მიიჩნევა, რომ ბინარულ სისტემებში აირისა და მტვრის დისკო მხოლოდ 1 მილიონი წელი ნარჩუნდება. ფაქტი, რომ GJ 896A და GJ 896B წითელი ჯუჯების ტიპს მიეკუთვნება, მათ მიმდებარედ მსგავსი ეგზოპლანეტის ფორმირებას კიდევ უფრო საკვირველს ხდის.

მკვლევრების თქმით, შესაძლოა, ეს მოდელები გადახედვას საჭიროებდეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.