ტახტზე 70-წლიანი ყოფნის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ბრიტანეთის მონარქი ახლა უკვე მისი შვილი, ჩარლზი, გახდა. თუმცა, 96-წლიანი ცხოვრების განმავლობაში დედოფალმა ელიზაბეთმა მსოფლიო ისტორიაზე იმხელა კვალი დატოვა, რომ მის გარდაცვალებას მსოფლიოში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, ვარსკვლავებიც.
1. ჯენეტ ჯექსონი
"მშვიდად განისვენე, დედოფალო", — წერს ამერიკელი მუსიკოსი და ინსტაგრამზე ელიზაბეთ II-სთან თავისი შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
2. მიკ ჯაგერი
"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მისი აღმატებულება დედოფალი ელიზაბეთ II ყოველთვის თვალწინ იყო", — წერს ინგლისელი მომღერალი, — "მახსოვს, როგორ ვუყურებდი ტელევიზორში მის ქორწილს. ისიც მახსოვს, როგორ იქცა მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონიდან ერის საყვარელ ბებიად. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს".
3. ვიქტორია ბექჰემი
"დღეს ძალიან სევდიანი დღეა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც", — აცხადებს ინგლისელი დიზაინერი და მუსიკოსი, — "უაღრესად დამამწუხრა ჩვენი საყვარელი მონარქის, მისი აღმატებულება დედოფლის გარდაცვალებამ. თავისი ურყევი ერთგულებითა და მსახურებით იგი ყოველთვის გვემახსოვრება. ამ საოცრად მწუხარე ჟამს, თანავუგრძნობ სამეფო ოჯახს".
4. ბარბრა სტრეიზანდი
"დამამწუხრა დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალების ცნობამ", — ამბობს ამერიკელი მომღერალი, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა მონარქთან თავისი შეხვედრის ფოტო, — "იგი ყველა ჩვენგანისათვის გულითადი ადამიანი იყო, რომელსაც მთელ მსოფლიოში სცემდნენ პატივს. მშვიდად განისვენოს".
5. რიზ უიზერსპუნი
"მშვიდად განისვენოს დედოფალმა ელიზაბეთ II-მ", — წერს ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი.
6. კრის ჯენერი
"მომხიბვლელი, თავდადებული, ელეგანტური, დაუვიწყარი", — ამბობს ტელევარსკვლავი, — "დღეს და ყოველთვის, ჩვენ იგი გვემახსოვრება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, ვინც კი მსოფლიოს უნახავს. ჩემი თანაგრძნობა და სიყვარული სამეფო ოჯახს".
7. პადინგტონი
"ყველაფრისთვის მადლობა, მემ", — წერს დათვი პადინგტონის ოფიციალური გვერდი ტვიტერზე.
8. ჯასტინ ტრუდო
"იგი მუდამ იყო ჩვენს ცხოვრებაში, მის მიერ გაწეული სამსახური კანადელებისათვის კი ყოველთვის დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად", — წერს კანადის პრემიერმინისტრი.
9. ბარაკ ობამა
"ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც და მიშელიც მადლიერები ვართ, რომ მისი აღმატებულების თავდადებული წინამძღოლობის მომსწრენი გავხდით", — წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ვრცელ განცხადებასაც აქვეყნებს, — "ქედს ვიხრით საზოგადოებისადმი მისი დაუღალავი და ღირსეული მსახურების წინაშე. ამ მწუხარე ჟამს, თანავუგრძნობთ მის ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას".
10. პერის ჰილტონი
"მთავარი თავქალი. ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალი. ეპოქის დასასრული", — წერს ამერიკელი ტელესახე.
11. ჯოან როულინგი
"ბრიტანელების ელდა და მწუხარება ახლა ვიღაცას შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს, მაგრამ ქალისადმი, რომელმაც დაუჩივლელად აღასრულა თავისი კონსტიტუციური მოვალეობა ბოლო 70 წლის განმავლობაში, მილიონობით ადამიანი სიყვარულსა და პატივისცემას გრძნობს. ბრიტანელების უმეტესობა სხვა მონარქს არც მოსწრებია. თავის ვალს ქვეყნის წინაშე იგი სიკვდილამდე ასრულებდა და მთელ მსოფლიოში ასე იქცა ბრიტანეთის შეუპოვარ სიმბოლოდ", — აცხადებს ცნობილი მწერალი.
12. პოლ მაკარტნი
"ღმერთმა დალოცოს დედოფალი ელიზაბეთი. დაე, მშვიდად განისვენოს. დღეგრძელ იყოს მეფე", — წერს ბრიტანელი მუსიკოსი.
13. ელტონ ჯონი
"მთელ ერთან ერთად, ძლიერ დამამწუხრა მისი აღმატებულება დედოფალი ელიზაბეთის გარდაცვალების ცნობამ", — აცხადებს ინგლისელი მომღერალი, — "იგი ჩვენ გვერდით შთამაგონებელი ადამიანი იყო და ქვეყანას, ისტორიის ზოგიერთ უდიდეს და ყველაზე მძიმე მომენტებში, ღირსეულად, წესიერებითა და მზრუნველობით უძღვებოდა".
14. ჰელენ მირენი
"ვამაყობ, რომ ელიზაბეთისეულ ეპოქას ვეკუთვნი", — ამბობს ინგლისელი მსახიობი, რომელმაც ბიოგრაფიულ ფილმში დედოფალი თავად განასახიერა, — "ვგლოვობთ ქალს, რომელიც გვირგვინით თუ მის გარეშე, დიდსულოვნების განსახიერება იყო".
15. ოზი ოსბორნი
"ჩემს ქვეყანასთან ერთად ვგლოვობ უდიდებულესი დედოფლის გარდაცვალებას", — წერს ინგლისელი როკმუსიკოსი, — "გულდამძიმებული გამოვთქვამ, რამდენად ძნელია ინგლისის წარმოდგენა დედოფალი ელიზაბეთის გარეშე".