მათ თეთრკანიანებივით არ გაუმართლებთ — კიმ კარდაშიანის თქმით, იურისტობა თავისი შვილების გამოც გადაწყვიტა

მათ თეთრკანიანებივით არ გაუმართლებთ — კიმ კარდაშიანის თქმით, იურისტობა თავისი შვილების გამოც გადაწყვიტა

ცნობილი ტელესახისა და ბიზნესვუმენის, კიმ კარდაშიანის თქმით, იურიდიული კარიერა თავისი შვილების გამოც არჩია. კარდაშიანი ამბობს, რომ დაკავების შემთხვევაში მათ თეთრკანიანებივით "არ გაუმართლებთ".

იმის მიუხედავად, რომ ოთხი შვილის დედა მილიარდერია და არაერთ წარმატებულ ბიზნესს ფლობს, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, იურისტებისთვის სავალდებულო საბაზისო გამოცდა ჩაებარებინა. იურისტობის სურვილი კარდაშიანმა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოთქვა, გამოცდა კი, საბოლოოდ, მეოთხე ცდაზე, გასულ წელს ჩააბარა.

"გამოცდის შედეგებს რომ ვხსნიდი, ჩემი შვილებიც იქ იყვნენ", — ჰყვება კიმი, — "დამინახეს, როგორ ვტიროდი ბედნიერებისგან. ისინი იყვნენ ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ვიბრძოდი ასე ძალიან; რადგან, დაკავების შემთხვევაში, ჩემს შვილებს ისე არ გაუმართლებთ, როგორც მე, ან თქვენ".

"ან ჩემს შვილებს", — უპასუხა ინტერვიუერმა, — "ჩემს თეთრკანიან შვილებს".

კარდაშიანს მუსიკოს კანიე ვესტთან ოთხი შვილი ჰყავს: 9 წლის ნორთი, 6 წლის სეინტი, 4 წლის ჩიკაგო და 3 წლის სალმი. კიმმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ ორრასობრივი წარმოშობის ფერადკანიანი შვილის გაზრდა "ძალიან აფიქრებდა", სწორედ ამიტომ, თავის შვილებსა და მისი ოჯახის სხვა ბავშვებს წარმომავლობაზე ხშირად ესაუბრებოდა.

ამასთან, კარდაშიანმა 2020 წელსაც აღნიშნა, რომ ახალი კარიერისკენ მამოძრავებელი ძალა "საზოგადოებაში ოთხი შავკანიანი შვილის გაზრდაც" იყო.

"ჩვენ სისტემა შავკანიანი და ფერადკანიანი ხალხისადმი ძალიან დისკრიმინაციულია", — განაცხადა კარდაშიანმა მაშინ, — "მსურს, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ მათი ცხოვრება შევამსუბუქო".

მართალია, გასულ წელს გამოცდის ჩაბარებით კიმი იურისტობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მას კიდევ დარჩა რამდენიმე ეტაპი გადასალახავი, რათა კალიფორნიის შტატში ადვოკატობის უფლებამოსილება მიენიჭოს. როგორც ცნობილია, პროფესიაში მისი სპეციალიზაცია სისხლის სამართალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტელევარსკვლავის მამა, რობერტ კარდაშიანია, აშშ-ში ცნობილი იურისტი იყო, რომლის ყველაზე ცნობილი საქმე შავკანიანი სპორტსმენის, ო.ჯ. სიმპსონის, დაცვა გახლდათ.