"ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს უახლოეს ხანში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Eldesmarque წერს.

ესპანური გამოცემის ცნობით, ხელშეკრულების განახლება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მხარეებს შეთანხმება დიდი ხანია მიღწეული აქვთ, ახლა კი ფინანსური ფეარ პლეის პრობლემაც მოგვარდა და ყველაფერი მზადაა, რომ ქართველმა მეკარემ კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

მამარდაშვილს „ვალენსია“ ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი ფასი 20 მილიონი ევროდან 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ „ღამურებმა“ გიორგი პირველ გუნდში დაარეგისტრირეს.

ესპანური მედია იმასაც წერს, რომ აწ დახურულ სატრანსფერო ფანჯარაში 21 წლის მეკარეს ლონდონის „ტოტენჰემი“ იწვევდა, მაგრამ გარიგება არ შედგა და მამარდაშვილი „მესტალიაზე“ თავს კარგად გრძნობს, სადაც პირველი მეკარეა.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ კარი მშრალად ერთხელ შეინახა, მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.