იტალიური „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Correire Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
უფრო კონკრეტულად კი ჯუნტოლიმ ტრანსფერის დეტალები და ის მოვლენები გაიხსენა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გადაბირებამდე განვითარდა.
„პირველად ხვიჩას თამაში ვიდეოს მეშვეობით რომ ვნახე, შუაგული პანდემია იყო. გატუზო მუშაობდა ჩვენთან და მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს, კახა კალაძეს დავურეკეთ, უფრო მეტ რამეში გასარკვევად. ის მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა, მაგრამ ყაზანის „რუბინში“ უკეთესად ითამაშა.
კვარაცხელიასთვის 30 მილიონი ევრო მოგთხოვეს და მოლაპარაკებების დაწყებამდე დავხურეთ კონტაქტები. ოსიმენი გვყავდა ახალი ნაყიდი და ამდენ ფულს ვერ გადავიხდიდით, მაგრამ ეს ბიჭი ჩემს გონებაში დარჩა. როცა უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო თებერვალში, ის „დინამო ბათუმში“ გადავიდა და კონტრაქტი გავამზადეთ, შედეგად 10 მილიონ ევროდ გარიგება დავხურეთ.
„იუვეზე“, რომასა“ და „სოსიედადზე“ სწრაფად ვიმოქმედეთ, რადგან ის ყოველთვის ეწერა ჩვენს ბლოკნოტში. სპალეტისაც მაშინვე მოეწონა. როცა ხვიჩა ჩვენთან კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ჩამოვიდა, სპალეტისთან მილანში სახლში გავუშვი და მათ მაშინვე ერთმანეთს კარგად გაუგეს.
ერთი იყო კვარაცხელიას ყიდვა და მეორე მისი ინსინიეს შემცვლელად მოყვანა. ეს დიდი რისკიც იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგით და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოვიგეთ. ხვიჩას ხელფასი 1.2 მილიონი ევროა, ინსინიეს 4.5 მილიონი იყო, გადასახადების ჩათვლით 9 მილიონი გვიჯდებოდა, ეს ციფრები ერთმანეთს თავად გამოაკელით“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მან იტალიურ გუნდში ჩატარებულ ექვს მატჩში უკვე მოასწრო 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.