ლონდონის „ჩელსიდან“ ტომას ტუხელი დაითხოვეს. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტუხელს მიმდინარე სეზონის წარუმატებელი სტარტი არ აპატიეს. „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ექვს ტურში მხოლოდ 10 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), რასაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზაგრების „დინამოსთან“ მარცხიც (0:1) დაერთო.
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი - კლუბი ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ტომას ტუხელი „ჩელსის“ 2021 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა, როდესაც ფრენკ ლამპარდი შეცვალა და იმავე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. გარდა ამისა, მან ინგლისურ გუნდთან ერთად ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ტუხელს სამწვრთნელო კარიერაში „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ აქვს ნამუშევარი.