ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის, ახალი წიგნი The Ink Black Heart, რომელიც რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით გამოიცა, კვლავაც ბესტსელერი გახდა. თუმცა, დეტექტიურმა რომანმა, რომელიც კორმორან სტრაიქის სერიის მეექვსე ნაწილია, მანამდე საზოგადოებაში ისევ დავა გამოიწვია.
რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი დეტექტიური რომანი 30 აგვისტოს გამოიცა.
30 აგვისტოს გამოცემულმა წიგნმა მალევე მიიქცია მკითხველებისა და მიმომხილველების ყურადღება; როგორც გამოცემები წერდნენ, რომანის მთავარი პერსონაჟი იუთუბერია, რომელსაც ტრანსფობიური განცხადებების გამო ბოიკოტს უცხადებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ 1000-გვერდიანი წიგნის სიუჟეტი თავად ავტორის გამოცდილებას ეხმაურება — როულინგი ბოლო წლებში არაერთხელ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში, რასაც კრიტიკის ქარცეცხლიც მოჰყვა.
ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Ink Black Heart გაერთიანებულ სამეფოში #1 ბესტსელერად იქცა. გამოცემიდან პირველ კვირაში რომანის 50 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც წიგნი წელს პირველი მხატვრული მაგარყდიანი გამოცემა გახდა, რომელიც ბესტსელერების სიის სათავეში აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა როულინგის დეტექტიური რომანი ავტორისეულ გამოცდილებასთან დააკავშირეს. კორმორან სტრაიქის წინა წიგნი, რომელიც 2020 წელს გამოიცა, ასევე გახდა კრიტიკის ობიექტი, რადგან მასში მთავარი ბოროტმოქმედი "ქალად გადაცმული კაცია". მკითხველების აზრით, ნაწარმოების ეს დეტალი თავად ჯოან როულინგის ტრანსფობიური შეხედულებების გამოძახილი იყო. თუმცა, მაშინაც ეს წიგნი ბესტსელერად იქცა.
იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის სამიზნეში არაერთხელ მოხვდა. მიზეზად დიდწილად მისი შეხედულებები იქცა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.
თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.
კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. გასულ წელს როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.
მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.
2021 წელს როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".
"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა პოსტის აღწერაში.
მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე თვის წინ ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.
ცოტა ხნის წინ კი, აგვისტოს თვეში, როცა მწერალ სალმან რუშდის აშშ-ში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოკვლით დაემუქრნენ ჯოან როულინგსაც.