ჯეისონ მომოამ თმა შეიჭრა და თან პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე გვესაუბრა

ჯეისონ მომოამ თმა შეიჭრა და თან პლასტმასის მოხმარების შემცირებაზე გვესაუბრა

ჯეისონ მომოამ, რომელიც აქტიურად არის ჩართული გარემოზე ზრუნვის საკითხებში, გულშემატკივრები ახალი გადაწყვეტილებით გააოცა. მსახიობმა თმა შეიჭრა და ამ პროცესის დროს გადაღებული ვიდეო ინსტაგრამზე ატვირთა, რომელშიც პარალელურად ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის საფრთხეებზე საუბრობდა.

"როგორც ხედავთ, თმას ვიჭრი და ამას ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პრობლემებზე სასაუბროდ ვაკეთებ. დავიღალე ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლებით, ჩანგლებით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჯერ მიწაზე ხვდება, შემდეგ კი პირდაპირ ჩვენს ოკეანეში მიდის", — ამბობს მომოა ვიდეოში.

მსახიობმა თმის შეჭრის პროცესის მთელი დრო პლასტმასის შესახებ სასაუბროდ გამოიყენა. "ახლა ჰავაიზე ვარ და რა მდგომარეობასაც ოკეანეში ვხედავ, ძალიან სამწუხაროა. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთეთ, რათა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავაქროთ", — განაცხადა მომოამ.

ცოტა ხნის წინ ჯეისონ მომოამ ჰავაის ავიახაზების მგზავრებს ალუმინის ბოთლებით წყალი დაურიგა. ამ ჟესტით მომოამ პლასტმასის ბოთლების გამოყენების შემცირება სცადა. ჯეისონ მომოა წყლის კომპანიის — Mananalu-ს მფლობელია, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ოკეანეების პლასტმასის ბოთლებისგან გაწმენდას ხმარდება. მომოას თქმით, Mananalu-მ უკვე 3 მილიონი პლასტმასის ბოთლისგან გაათავისუფლა ოკეანე და ეს პროცესი გრძელდება.