ახალი სასწავლო წელი იწყება, მაგრამ არა ყველა სტუდენტისთვის. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დიდ ნაწილს, შესაძლოა, სტატუსის შეჩერება და სწავლის გაურკვეველი დროით გადადება მოუწიოთ. მიზეზი თბილისში ბინის ქირის ფასის რეკორდული ზრდაა. თითქმის ყველა უბანში საცხოვრებლად ვარგისი ბინის ქირის ფასმა ოთხთნიშნა რიცხვს მიაღწია.
რუსებისა და უკრაინელების მასობრივმა შემოსვლამ საქართველოში საცხოვრებლის დაქირავება წარმოუდგენლად გააძვირა. მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი სტუდენტებს ბინაში მაღალი ფასის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. მათ ვერავინ ეხმარება, ამიტომ ბევრი მათგანი უნივერსიტეტში ფიზიკურად ვერ ივლის.
გარდა იმისა, რომ ფასი მაღალია, დასაქირავებელი ფართის დეფიციტიცაა. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები დედაქალაქში ბინას ვერ პოლობენ, რომელსაც გონივრულ ფასად დაიქირავებენ.
ბინების ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განთავსებული განცხადებებით ასე გამოიყურება:
„ქირავდება, ბინა გლდანის მასივში, 75 კვ.მ. ფასი: 3 740 ლარი თვეში“.
„ახალი აშენებული ბინა გლდანის მასივში, 55 კვ.მ. ფასი: 4080 ლარი“.
„ახალაშენებული ბინა ნაძალადევში, ფასი: 3 060 ლარი“.
„ახალაშენებული ბინა ბათუმში, 40 კვ.მ. ფასი: 2 720 ლარი“.
დიდ დიღომში 2-ოთახიანი ბინების გაქირავების ფასი, რომელიც დაახლოებით 36-42 კვადრატულია 1000-1500 ლარის ფარგლებშია. საბურთალოზე 1500-დან 2000-ლარამდე.
უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ მოთხოვნის მიმართულებით აჟიოტაჟი ჯერ კიდევ არ ჩაცხრება, რადგან საქართველოში უცხოელების შემოდინება არ წყდება. კომპანია „ბერუკას“ ხელძღვანელის ავთანდილ გუგეშაშვილის თქმით, ახლა პიკია და მეტად აღარ გაძვირდება, თუმცა დიდი გასაქირავებელი ფართების დეფიციტია, რაც მოკლევადიან პერიოდში ვერ გადაიჭრება.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ბინების დამქირავებლების ერთი პარტია შემოვიდა და ამან ბაზარზე სიტუაცია არია. ერთბაშად და ხანგრძლივი ვადით დაიქირავეს ბინები, რამაც დისბალანსი გამოიწვია. მოკლე დროში ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. ვხედავთ, რომ განსაკუთრებით სტუდენტებს შეექმნათ დისკომფორტი და გამოუვალი მდგომარეობა, რადგან „იაფი ბინები“ საერთოდ აღარ არის.
რაც შეეხება ფასებს, გაქირავების ღირებულებასთან დაკავშირებით, ალბათ, დღეს უკვე პიკია და მეტად აღარ გაძვირდება. კლება არა მგონია მოსალოდნელი იყოს, მაგრამ ასე დარჩება, სტაბილურად ამ ნიშნულზე. ხალხს კი ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით სტუდენტებს, შეიძლება ბევრს აკადემიურის აღება დასჭირდეს, თუკი საცხოვრებელი არ ექნებათ“, - განაცხადა ავთანდილ გუგეშაშვილმა.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ბინების გაქირავების საკითხით. დარეგულირდეს უძრავი ქონების ბაზარი და დაწესდეს კონკრეტული რეგულაციები, თუმცა ეს არც ისე მარტივია და მოკლე დროშიც ვერ მოხერხდება.