ფიბამ თურქეთის პროტესტი უარყო და გადათამაშება არ იქნება!

ფიბამ თურქეთის პროტესტი უარყო და გადათამაშება არ იქნება!

ფიბამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ფიბამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასტურდება 22 წამის შეცდომა, მაგრამ ფიბაში განაცხადეს, რომ ეს არ არის იმის გარანტია, რომ მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა.

შესაბამისად, მატჩის შედეგის გაუქმება და გადათამაშება, ფიბამ გამორიცხა.

„მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მეოთხე პერიოდში მართლაც იყო დროის აღრიცხვის პრობლემა, ფიბამ ვერ დაადგინა, რომ დროის აღრიცხვის შეცდომის არარსებობის შემთხვევაში, სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი თამაშის შედეგის გაუქმების მოთხოვნით, ანულირებულია.

ორივე ფედერაციის ბრალდებებთან დაკავშირებით და გასახდელში მომხდარზე, რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ, გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ ფიბას კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ნებისმიერ დისციპლინურ ზომას“, - ნათქვამია ფიბას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.