„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე იტალიურ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გადაბირება გაცილებით ადრეც უნდოდათ, მაგრამ „რუბინი“ ძალიან ძვირად აფასებდა.
„ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომელსაც ვითვალისწინებთ. ჩვენი მხრიდან წლების განმავლობაში არსებობდა ინტერესი, მაგრამ წარსულში დიდ თანხას ითხოვდნენ, რომელსაც ვერ დავხარჯავდით და შესაფერის მომენტს ველოდით. ომის დაწყებამ საშუალება მოგვცა ოდნავ იაფი არხით გვესარგებლა. ასე რომ, ჩვენ შევძელით ამ ბიჭის ნეაპოლში გადმობირება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი ხნით ადრე“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ დაიმატა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.