ვირთხების მორალი, „განსაკუთრებული“ სასამართლო დარბაზი და 4 400 ლარით შევსებული ბიუჯეტი

ვირთხების მორალი, „განსაკუთრებული“ სასამართლო დარბაზი და 4 400 ლარით შევსებული ბიუჯეტი

პრესაგე.ტვ-ის გამოკითხულთა 90,8% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა  აქციის დარბევის გამო ვეტერანებს ბოდიში უნდა მოუხადოს. 11 იანვრისთვის,  1287 გამოკითხულიდან მხოლოდ 6,5% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს არაფერიც არ აქვს საბოდიშო. კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 2.8%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

 

ბუნებრივია, ძნელია, არკვიო, ვის და რატომ „უჭირს“ პასუხი გასცეს კითხვას, რომლის შინაარსის „აღსრულება“ მხოლოდ პრეზიდენტის მაღალ მორალზე იმეტყველებს. თუმცა, როცა ისედაც გაღატაკებულ და თან, მოშიმშილე ადამიანებს სახელმწიფო  ღირსებას კიდევ ერთხელ უმოწყალოდ შეულახავს და ამაში ფულს გადაახდევინებს, მერე, ალბათ, საკვირველი არც არაფერია. სხვათა შორის, არც ის, რომ პრეზიდენტი ბოდიშს არ იხდის.

 

ახლა კი, ვეტერანების აქციის დარბევის შესახებ ვაგრძელებთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მე გახლდით ვეტერანების აქციაზე. ეს იყო ათასნაირი პროვოკაციებით გაჯერებული აქცია. სასამართლო პროცესზეც მინდოდა დასწრება, მაგრამ დარბაზში არ შემიშვეს... ვეტერანების სასამართლო პროცესი, სხვათა შორის, ცალკე განსახილველი პრობლემაა. ამ პროცესს მხოლოდ 2 ადვოკატი ესწრებოდა და საზოგადოების არც ერთი წევრი არ დაუშვეს სხდომაზე. საჯარო სხდომა ჩაატარეს ისეთ დარბაზში, რომელსაც საჯარო სადარბაზო შესასვლელი არ გააჩნია.

 

სასამართლოს შენობაში ხომ არის საჯარო სადარბაზო შესასვლელი, საიდანაც შემდგომში სხვადასხვა სხდომათა დარბაზებში ნაწილდებიან ადამიანები? ვეტერანების საქმე ჩაატარეს იგივე შენობის აბსოლუტურად სხვა განყოფილებაში, რომელიც შლაგბაუმით არის გამოყოფილი შენობის სხვა ნაწილებისგან და სადაც საერთოდ არავის უშვებენ. როცა მე,  ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოვიღე და განვაცხადე, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვარ, მაქვს სრული უფლება შევიდე დარბაზში-თქო, მანდატურმა განმიცხადა: „თუ გადაადგამთ ზედმეტად ნაბიჯს, ჩვენ დაგაკავებთ“.

 

ამ მანდატურს, ბუნებრივია, უკვე ჰქონდა დავალება მიღებული, სადღაც ზემოდან, არ ვიცი - კონკრეტულად ვისგან, მაგრამ ფაქტია, ჩემი დაკავების ბრძანება იყო გაცემული...  წინააღმდეგ შემთხვევაში, მე თავისუფლად შევიდოდი სხდომათა დარბაზში. მათ მოიმიზეზეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო.

 

დარბაზამდე მისასვლელი გზა შლაგბაუმით იყო გადაკეტილი, შლაგბაუმიდან დარბაზამდე მანძილი კი -  დაახლოებით 100 მეტრია. ეს დარბაზი არ იყო სასამართლოს შენობის ცენტრალურ ფლიგელში. იყო სადღაც, მარცხენა მხარეს პატარა ოთახი, სადაც სრულიად უკანონოდ ატარებენ არასაჯარო სხდომებს. ფაქტობრივად, მოსამართლემ სხდომა დახურა, თანაც - უკანონოდ.

 

ანუ, ახალი პრეცენდენტი შეიქმნა საქართველოს სასამართლო სისტემაში - არსებობს დარბაზები, სადაც არავის უშვებენ და იქ ჩატარებული სხდომის ობიექტურობაც, ბუნებრივია, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშ არის დასაყენებელი. აქამდე ვიცოდით, რომ ასეთი არასაჯარო ოთახები მრავლად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და მის ქვემდებარე უწყებებში. როგორც ჩანს, ახლა სასამართლოს ჯერიც მოსულა...

- რა თქმა უნდა. არსებობს ცალკე დარბაზები ცალკე საქმეებისთვის. იცით, როგორ არის? სასამართლოს შენობაში მოწყობილია დროებითი სადგომები პატიმრებისთვის. როცა პატიმრები მოჰყავთ ციხეებიდან, ამ ოთახებში აჩერებენ. ვეტერანების პროცესი სადაც ჩატარდა, ის ოთახი მდებარეობს ამ სადგომთან ახლოს და პროცესზე დასწრებაზე ლეგიტიმური უარის თქმის საფუძველიც გაიჩინეს, ვითომ, რომ ვერ შეგიშვებთ, რადგან იქვე არიან პატიმრებიო. სხვა სხდომათა დარბაზში ჩაეტარებინათ ეს პროცესი? რატომ არ ჩაატარეს? მით უმეტეს, ძალიან კარგად იცოდნენ, რამხელა იყო ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი.

 

როცა ეკითხები: როგორ, ადგილი არ არის, სხდომა ხომ საჯაროა? გეუბნებიან: ადგილი არ არის, ვერ შეხვალთ! თუ ეტყვი, დამარწმუნე, რომ მართლა არ არის ადგილი, გეუბნებიან: არა, იქ მისვლა არ შეიძლება. ანუ, ცარიელიც რომ იყოს დარბაზი, მათ შეუძლიათ გითხრან, რომ იქ ადგილი არ არის და ამას ვერ გადაამოწმებ.

 

ე.ი. განსაკუთრებული საქმეებისთვის განსაკუთრებული დარბაზები აქვთ...

- დიახ, გასაკუთრებული საქმეებისთვის განსაკუთრებული ადგილები აქვთ შერჩეული. როცა არ უნდათ, რომ უცხო თვალმა (უცხო თვალი კი, ნებისმიერი ოპოზიციური თვალია) ნახოს, რა ხდება იქ, ასეთ დარბაზებში ატარებენ სხდომებს და ხალხს ეუბნებიან, დარბაზში ადგილი არ არის, გადაადგამთ ნაბიჯს და დაგაკავებთო. შეიძლება, პარლამენტის წევრის ამ მოტივით დაკავება, თანაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლის, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ასეთ პროცესებზე დასწრება?!

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საზოგადოებამდეც უნდა მივიდეს და შესაბამისი რეაგირებაც მოხდეს. არადა, ამაზე ხმას არავინ იღებს.

 

თქვენ გმირთა მოედანზე იყავით აქციების დროს, თქვენი აზრით, რა გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა ამ ადამიანების ასეთი ვანდალური ხერხებით იქიდან გამოყრა და დაპატიმრება?

- ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იმისა, რომ ეს იყო უკანონო ბრძანების უკანონო აღსრულება. ნებისმიერი რიგითი პოლიციელი ვალდებულია, დაემორჩილოს ბრძანებას, მაგრამ არსებობს ისეთი ბრძანებები, რომელზეც ქვემდგომმა ხელმძღვანელმა პირმა უნდა გააკეთოს დასკვნა, რამდენად კანონიერი იქნება ზემდგომის ბრძანების აღსრულება.

 

როცა წესრიგშია მიმოწერა აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ქალაქის მერიას შორის, ანუ კანონიერად არის მერია გაფრთხილებული აქციის ჩატარების თაობაზე; როცა მერია საპასუხო წერილს უგზავნის აქციის მონაწილეებს და თან უთითებს - ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე, რომელთაგან არცერთი არაა დარღვეული, რატომ არბევს ასეთ აქციას სპეცნაზი? მერიამ ხომ, თავისი პასუხით, თანხმობა გასცა აქციის ჩატარებაზე?

 

გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ვის მოუვიდა თავში აზრად, ვეტერანების იქიდან აყრა?

- არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული დავალება გასცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც გაიარა გმირთა მოედანზე და დაინახა - აქცია გრძელდებოდა. ასე, თავისი პირადი სურვილით, პირადი დამოკიდებულების გამოხატვით, გასცა დავალება, რომ ეს ადამიანები იქ აღარ უნდა ყოფილიყვნენ. როგორ შეასრულებდნენ მის ბრძანებას, ან ვინ შეასრულებდა მას, როგორც ჩანს, ბატონ პრეზიდენტს ეს აღარ ანაღვლებდა.

 

თანაც - ახალი წლის დღეებში…

- დიახ, თანაც - ახალი წლის დღეებში. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ. ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ვეტერანებს, ასეთ „პატივს“ მიაგებს, ლუსტრირებულია თავიდან ბოლომდე და აშკარად იკვეთება, საით არის მიმართული მისი პატრიოტული ქვენა გრძნობები... ამ ვეტერანების სოციალური ყოფა არის უკიდურესად მძიმე. მე იქ ვნახე ისეთი ვეტერანები, რომელთა შვილები რამდენიმე დღის ნაშიმშილები იყვნენ, არა ნებაყოფლობით, არამედ - იძულებით, რადგან ოჯახში საჭმელი არ ჰქონდათ.

 

აქციის დარბევის დროს დაარტყეს ქალბატონსაც...

- მე ვფიქრობ, რომ ქალბატონს ორჯერ მიაყენეს ძალიან მძიმე  შეურაცხყოფა, ერთხელ ხელი კრეს, მეორედ კი - მთელი ძალით, გამეტებით ჩაარტყეს სახეში. ამით ყველა ღირსეულ მამაკაცს გაულახეს და, დედა და მეუღლე. ქალზე ხელის ამწევი ნებისმიერი მამაკაცი არის არა მხოლოდ არაკაცი, არამედ - უპირობოდ პასუხისგებაში მისაცემი და სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი სასჯელი არაა. ასეთი ადამიანი საზოგადებისთვის არის საშიში, საკუთარი ოჯახისთვის არის საშიში. მე წარმომიდგენია, ამ ადამიანს რა მდგომარეობაში ეყოლება საკუთარი ოჯახის წევრები და, მათ შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

 

იმედი მაქვს, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი, ამაგდარი ადამიანი, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი აუცილებლად გააკეთებს განცხადებას ქალბატონი ეკა მათიაშვილის სასარგებლოდ, რაც სამწუხაროდ, მას  ჯერ არ გაუკეთებია. გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა არ არის რაღაც უტოპიური ბრძოლა თეორიული ასპექტებით. აგერ არის კონკრეტული, პრაქტიკული მაგალითი და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა იმოქმედოს ქალბატონმა რუსუდანმაც და როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ამ ფაქტს ობიექტური შეფასება  მისცეს.

 

ეს შეფასება მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა. საერთოდ კი, როცა უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებები მოვისმინეთ, ამ ადამიანების მორალზე დიდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩა - იგივე ზურაბ მელიქიშვილის, იგივე ნუგზარ წიკლაურის, იგივე ვახტანგ ბალავაძისა და სხვათა შეფასებებს ვგულისხმობ.

- გეთანხმებით. უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი „ლეჟანკებზე“ აკეთებდა აქცენტს და იმაზე საუბრობდა, თითქოს, ვეტერანები ტერიტორიას ბილწავდნენ. ამას ურჩევნიათ, კომენტარი გააკეთონ იმ ვანდალურ აქტზე, რასაც მანდილოსნის ასეთი შეურაცხყოფა და ცემა მოჰყვა.

 

ეს არის ცემის ფაქტი. ბატონი ბალავაძე არის იურისტი და მას ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ იმ პიროვნებამ, რომელმაც ხელი გაარტყა მანდილოსანს - ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული არაერთი დანაშაული: უფლებამოსილების გადამეტება, ცემა და მუქარა.

 

ამავე ადამიანმა მუქარის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა ბატონი დაჩი ცაგურიას მიმართ, რომელსაც ტელეფონით ემუქრებოდა და უბინძურესი სიტყვებით ამკობდა. მე იქ ვიყავი და მესმოდა ეს ყველაფერი. ცაგურიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოიფიქრა და ჩაიწერა ეს საუბარი. მე ველოდები მის თანხმობას და მივცემ საშუალებას, თავისი უფლებები საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდანაც დაიცვას.

 

უმრავლესობის წევრების კომენტარებში აშკარად იყო ზრდილობის ნორმები დარღვეული. ოდესმე მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ ასეთი უხეში, უზრდელი, უკანონო ქმედებებითა და შემდეგ გამომწვევი კომენტარებით საზოგადოება არ უნდა გააღიზიანოს?

- ჯერ ერთი, დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაკარგა, ანუ ხელისუფლება უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ აკონტროლებს. ეს მოქმედებებიც ამის მაჩვენებელია. ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი არსებობს ქვეყანაში და მისი უფლებამოსილების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ პრაქტიკული მოღვაწეობით ეს ორგანიზაცია იცავს მოქმედ რეჟიმს, იმ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც შექმნილია და საერთოდ არ იცავს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს, უკვე სავალალო მაჩვენებელია. მეორეც - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერმა, ოთარ გვენეტაძემ შეურაცხყო ფიზიკურად და ცემა მანდილოსანი. ამით მაამებლური ქცევა ჩაიდინა თავისი რეჟიმის მისამართით ხომ? ასეთი ხელისუფლება, თქვენი აზრით, ოდესმე რამეს მიხვდება?

 

თუმცა, ეს არ არის ერთი „უუფლებო“ ოფიცრის პრობლემა. მას უთხრეს, რომ ასე უნდა მოიქცეს და ისიც ასე იქცევა. ხომ ხედავთ, მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

- მართალია, ეს არის დაშვებული ზემოდან. გეტყვით, რატომაც: ხელისუფლებამ აირჩია მეთოდი - დათრგუნე, შეაშინე და უფრო მარტივად მართავ. ქალბატონის ცემის ფაქტი იყო მესიჯი ყველასთვის - ამას გაგიკეთებთ ნებისმიერს და წარმოიდგინეთ, მამაკაცს რას ვუზამთ, როცა მანდილოსანი და ბავშვი ჩვენთვის არარაობააო. თან, ეს ხელისუფლება თავის  შეფასებებში (ბალავაძის, წიკლაურის და კიდევ ვიღაცეების კომენტარი იყო) რუსულ კვალს ეძებს ყველაგან. მინდა, ვკითხო მათ - როცა „ნაციონალური“ ტელევიზიებით 15-20 წუთი მოსკოვის ცენტრში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტს აშუქებენ, თბილისში რაც ხდება, ამაზე ერთ სიტყვას მაინც რატომ არ ამბობენ?

 

დემოკრატიულ ღირებულებებზე რომ მელაპარაკებიან, თავს იწონებენ მსოფლიოს წინაშე ვითომ ამ ღირებულებების განვითარების თვალსაზრისით და აგერ, დედაქალაქის ცენტრში სცემენ მანდილოსანს, ამაზე არავინ აკეთებს ადექვატურ შეფასებას - ესა არის ამათი დემოკრატია? ეს არის ყველაზე ამორალური, ყველაზე საზიზღარი და ბინძური დანაშაული ამ ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ხელისუფლება შეიძლება, მხოლოდ ხალხის მტერი იყოს. ამიტომ მასთან საარჩევნო გარემოზე საუბარი, პოლიტიკურ დებატებში შესვლა - წყლის ნაყვაა. ეს არის გამარჯვებული რადამესის სინდრომი: როცა ხელისუფლება ზეიმობს თავის არაერთ თავგასულ აქტს, რითაც მოიყვანა დღემდე თავი და რაც შერჩა. აქ მორალზე საუბარი საერთოდ არ შეიძლება.

 

გაიხსენეთ, რა გააკეთეს 7 ნოემბერს? დაარბიეს ხალხი, ქუჩაში გაჩერებულ მანქანებს მინებს ულეწავდნენ, სადარბაზოებში დამალულ ადამიანებს სცემდნენ და ათას უბედურებას სჩადიოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ რომ დასკვნებს არ გააკეთებს ხელისუფლება, იმას რაზე უნდა ელაპარაკო?

 

აქ, ალბათ, ერთი ფაქტორია საინტერსო: ფაქტია, ხელისუფლება უკვე აშკარად თავშეუკავებელ ქმედებაზე გადადის. ფაქტობრივად, ყველაფერზე აწერენ უკვე ხელს. თუმცა, გასულ წელს 7 ნოემბერი და 9 აპრილის აქციები პრეზიდენტზე ხშირად ოპოზიციასაც კი არ უხსენებია.  ნიშნავს  თუ არა ეს იმას, რომ დასკვნებიც კეთდება და მათ შემდგომ ქცევებშიც (რაც იმ საპროტესტო აქციების შემდეგ განახორციელეს) ჩანს შიშის მომენტიც - ვაითუ იგივე განმეორდეს, ამიტომ წინასწარ დავიზღვიოთ თავიო?

- რა თქმა უნდა, გივი თარგამაძის ცნობილი ფრაზა - სულს ამოგხდით - ეს არის შიშით ნათქვამი ფრაზა. ასეთ რამეს შეშინებული კაცი ამბობს, რომელსაც უკანდასახევი გზა აღარ აქვს. ეს არის ვირთხის ქცევა, რომელიც მომწყვდეულია კუთხეში. კუთხეში მომწყვდეული ვირთხა კი - ძალიან სახიფათოა. იკბინება და მაქსიმალურად ცდილობს, თავი დაიცვას აგრესიით. ამ აგრესიის ფარგლები, ჩარჩოები და ზომები მას უკვე აღარ გააჩნია.

 

რა გააკეთეს იმით, რომ ვეტერანები 400 ლარით დააჯარიმეს? 4 ათას 400 ლარით შეავსეს ბიუჯეტი? ეს არის ამორალური ქმედება. ადამიანები შიმშლობდნენ იმიტომ, რომ მათ არსებობის საშუალება არ ჰქონდათ. ამათ კი შემოსავლის არმქონე ადამიანებს აქეთ დააკისრეს თანხის გადახდა.

 

მოვა დრო და ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ეს ლოგიკური დასასრული კუთხეში მოწყვდეული ვირთხებისთვის არ იქნება სასიკეთო.