22 წამი და ჩხუბი გასახდელში: თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

22 წამი და ჩხუბი გასახდელში: თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობა საქართველოსთან მატჩს აპროტესტებს და საამისოდ ორ მოტივს ასახელებენ - 22 წამის დაკარგვისა და ფურქან კორკმაზის ცემის ფაქტს.

როდესაც დუდა სანაძესა და კორკრმაზს შორის ჩხუბი დაიწყო, დრო გაჩერდა, მაგრამ როგორც თურქები ამტკიცებენ, მატჩის განახლების მომენტში ტაბლოზე 22 წამით ნაკლები ეწერა. ამიტომაც, ისინი პროტესტს გამოთქვამენ.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა კი განაცხადა, რომ თუ კამერის ჩანაწერებს არ აჩვენებენ, თურქეთის ნაკრები ევრობასკეტს დატოვებს და დარჩენილ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„კორკმაზს თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ! შემდეგ ჩვენც მოგვიწია პოლიციასთან ჩხუბში ჩართვა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენს მოტყუებას შეძლებენ და სულელები ვართ. კამერების ჩანაწერი სრულად მოგვაწოდონ, თორემ ტურნირს დავტოვებთ“, - აღნიშნა ონანმა.

აღსანიშნავია, რომ თურქული მედია კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და როგორც ისინი იტყობინებიან, კორკმაზს თავს თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე და გოგა ბითაძე დაესხნენ, დაცვის თანამშრომელთან ერთად. ჯერჯერობით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ფიბას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.