საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ბელგიასთან ოვერ ტაიმში მარცხის (76:79) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც წაგება გამოიწვია.
„პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ თამაში. დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ტაქტიკურადაც ვერ შევასრულეთ ის, რაც მოსამზადებელ შეხვედრებში დავამუშავეთ. კალათბურთი ასეთია, შეცდომების გამო ისჯები. ეს თამაში უკვე წარსულია, წინ 4 მატჩია, მომდევნო ორი შეხვედრა კი ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გველოდება, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა თუ გვინდა, ბოლო ორი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის გოგას ტრავმაზე არაფერი ვიცით. არ გვიმართლებს, რადგან გარდამტეხ მომენტში ბევრი მოთამაშე გვაკლდება. ზოგჯერ საჭიროა იღბალი და დახმარება, ბითაძის ტრავმაზე კი ამ ეტაპზე არაფერი ვიცით.
სკარიოლოს და ათამანის კრიტიკა ცარიელ დარბაზზე? ჩვენს თამაშზე საოცარი ატმოსფერო და სავსე დარბაზი იყო. ნორმალურია, რომ ყველა თამაშზე დარბაზი არ გაივსება. ევრობასკეტზე მხოლოდ მასპინძელი ფანები არ უნდა იყვნენ. მაგალითად, თურქეთიდან ბევრ გულშემატკივარს ველოდით, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და გუნდის ქომაგობა. იმედი მაქვს, დარბაზი ყველა თამაშზე გაივსება.
დღეს გოგამ, მამუკელაშვილმა, მაკფადენმა ძალიან ბევრი ითამაშეს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ბითაძემაც ტრავმა მიიღო, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომდევნო მატჩში თამაშს მოახერხებს.
შერმადინი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ძალიან რთულია იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ყველა მოთამაშეს შორიდან ჩაგდება შეუძლია. ამიტომაც, გადავწყვიტეთ სხვა შემადგენლობით გვეთამაშა. დაცვაში შეცდომები დავუშვით და ბევრმა წვრილმანმა შეცდომამ მიგვიყვანა იქამდე, რომ წავაგეთ“, - თქვა ზუროსმა.
ბელგიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი სანდრო მამუკელაშვილმაც გააკეთა:
„მძიმე თამაში იყო, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ახლა ესპანეთთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და ამაზე ვიფიქროთ. კიდევ ოთხი მატჩი გველოდება, უნდა ვიმუშაოთ შეცდომებზე, მოვუსმენთ მწვრთნელს და მოვემზადებით. ჩვენი საოცარი გულშემატკივრების წყალობით მზად ვართ ზედიზედ მატჩების ჩასატარებლად და ყველა თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა სანდრომ, რომელიც საქართველოს ნაკრების რიგებში 18 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.