"ნაპოლიმ" ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა - 1:1.

ეს პირველი თამაში იყო, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მასთან ერთად სპალეტიმ თადარიგში პიოტრ ჟელინსკი, მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ირვინგ ლოზანო და სტანისლავ ლობოტკა დატოვა. იტალიელმა გადატვირთული კალენდრის გამო როტაციას მიმართა.

კვარაცხელია მოედანზე 55-ე წუთზე ელიფ ელმასის ნაცვლად გამოჩნდა, რომელმაც გოლი გაიტანა, მაგრამ ჩრდილომაკედონიელი აქტიური ნამდვილად არ იყო და არც განსაკუთრებულად უთამაშია. ხვიჩამ სცადა თამაშის გამწვავება, რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ნეაპოლელებმა ზედიზედ მეორედ დაკარგეს ქულები.

გოლები პირველ ტაიმში გავიდა: ჯერ ელმასმა ახლო მანძილიდან გაიტანა, ოთხ წუთში კი სტუმრებმა ლორენცო კოლომბოს ფანტასტიკური გოლით გაათანაბრეს. აღსანიშნავია, რომ ელმასის გოლამდე ორი წუთით ადრე იმავე კოლომბომ პენალტი ვერ გაიტანა. ამრიგად, „ნაპოლის“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად რომის „ლაციოსთან“ 3 სექტემბერს ჩაატარებს.

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლა და რთული, მაგრამ გამარჯვება მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი მერვე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა დააწინაურა, რომელმაც როგორც „რომასთან“, ახლაც ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. საინტერესოა, რომ იგივე პოზიციიდან, იგივე კარში, თან მაშინაც ფაბიო მირეტის პასის მერე ხუან კუადრადო წააქციეს - ამჯერადაც იგივე განმეორდა. ვლაჰოვიჩმა ჯარიმა კვლავ იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ვლაჰოვიჩი 2004 წლის შემდეგ (რაც ამ სტატისტიკას ითვლიან), „იუვეს“ მეოთხე ფეხბურთელია ალესანდრო დელ პიეროს, ანდრეა პირლოსა და მირალემ პიანიჩის მერე, ვინც ზედიზედ ორ თამაშში ჯარიმა გაიტანა. სერბი ამ გოლით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა (კვარაცხელიას გადაასწრო).

დაწინაურებულ „იუვეს“ გაუჭირდა და მომენტებს პრაქტიკულად ვერ ქმნიდა. თუმცა, მეორე გოლი მაინც გაიტანა, რომელიც არკადიუშ მილიკის ანგარიშზეა. პოლონელმა ეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გააკეთა და 350-ე ფეხბურთელია „იუვეს“ ისტორიაში, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა. მილიკს საგოლე პასი ფაბიო მირეტიმ გაუკეთა, რომელმაც ისევ ბრწყინვალედ ითამაშა და 19 წლის ნახევარმცველი მოედანზე საუკეთესო იყო. ალეგრის გუნდისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა - დაბრუნდა ანხელ დი მარია, თუმცა, ტრავმა მიიღო ვოიცეხ შჩესნიმ, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. „იუვენტუსს“ 8 ქულა აქვს და ლიდერ „რომას“ ორი ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება.

ასევე 8 ქულა აქვს რომის "ლაციოს", რომელმაც გენუის "სამპდორიასთან" გამარჯვება ბოლო წუთზე დაკარგა. როგორც ვთქვით, მომდევნო ტურში "ნაპოლის" მეტოქე სწორედ "ლაციო" იქნება.