„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში დღეს „ლეჩეს“ უმასპინძლებს და ლუჩანო სპალეტი შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს.
შესაძლოა, ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. მაგალითად, Gazzetta Dello Sport და კიდევ რამდენიმე გამოცემა ვარაუდობს, რომ ხვიჩა სასტარტოში იქნება, სპალეტი ტაქტიკას შეცვლის და 4-3-3-დან გუნდს 4-2-3-1-ზე გადააწყობს, კვარაცხელია კი ისევ მარცხენა ფლანგზე ითამაშებს.
სამაგიეროდ, Il mattino და Corriere Della Sera ვარაუდობენ, რომ 21 წლის ფეხბურთელი თადარიგში იქნება. ორივე წყარო ასევე 4-2-3-1 სქემით თამაშს პროგნოზირებს, მაგრამ კვარაცხელიას ნაცვლად ძირითადში ელიფ ელმასს ელიან. სხვათა შორის, სპალეტი სავარაუდოდ, დაასვენებს მარიო რუის, კიმ მინ-ჯეს, ირვინგ ლოზანოს, სტანისლავ ლობოტკასა და პიოტრ ზიელინსკისაც.
საქმე ისაა, რომ „ნაპოლის“ ამიერიდან ყოველ სამ დღეში თამაში მოუწევს და ძალების გადანაწილება საჭიროა, რაც შემადგენლობაში ვარიაციას გულისხმობს. მაგალითად, „ნაპოლის“ შაბათს „ლაციოსთან“, სამშაბათს კი „ლივერპულთან“ თამაში ელოდება. შესაბამისად, იტალიელი მწვრთნელი წინაც იყურება.
გარდა ამისა, ნეაპოლელმა მწერალმა მაურიციო დე ჯოვანიმ კი განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენში ვერ ხედავს იმ საჩემპიონო თვისებებს, რასაც კვარაცხელიაში:
„ოსიმენი შესანიშნავი ათლეტია, მაგრამ მასში ვერ ვხედავ დიდი ფეხბურთელის თვისებებს, რასაც ვხედავ თუნდაც ქართველ კვარაცხელიაში, ჩანასახში, მაგრამ მაინც“, - თქვა დე ჯოვანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საწყის სამ ტურში თავი 3 გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.