თორნიკე შენგელია:

თორნიკე შენგელია: "ყოველდღე ამ ევრობასკეტზე ვფიქრობდი და მხარზე მეტად სული მტკივა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მას მერე, რაც საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა, ყოველდღე ამ ევრობასკეტზე ფიქრობდა და მხარზე მეტად სული სტკივა, მაგრამ ახლა ნაკრების მხარდაჭერისა და პოზიტიურ საკითხებზე ფიქრის დროა.

„ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან. იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა. ალბათ არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინი გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად სამწუხაროდ ასეთი მომენტებიც ხშირია.

მხარზე მეტად სული მტკივა, რომ ვერ შევძლებ საქართველოს ნაკრების დახმარებას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში და ვერ ვიდგები მოედანზე ჩემი ბიჭების გვერდით საჭირო დროს. თუმცა, დღეს მშვიდად ვარ, რადგან ვიცი ჩვენი გულშემატკივრის და ჩემი ბიჭების ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რთული მომენტები უფრო დიდ მოტივაციას და ძალას შემატებს ჩვენს ბიჭებს. ჩემზე არ იდარდოთ, ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ, მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ახლა კი გთხოვთ, თქვენი ყველა პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისგან იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენ თითოეულ გამამხნევებელ შეძახილს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას“, - დაწერა ინსტაგრამში შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მძიმე ტრავმა ნიდერლანდებთან მატჩში მიიღო და რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიას დაუპირისპირდება. ილიას ზუროსის გუნდი L ჯგუფში სამი მოგებით და ორი წაგებით მესამე ადგილი უკავია, იტალია კი ესპანეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. 1 სექტემბერს კი, თბილისში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.