მდინარის დაშრობის შედეგად ტეხასში დინოზავრის ნაკვალევი გამოჩნდა ეს დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაკვალევია.

მდინარის დაშრობის შედეგად ტეხასში დინოზავრის ნაკვალევი გამოჩნდა ეს დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაკვალევია.

ტეხასში, Dinosaur Valley State Park-ში, მდინარის დაშრობის შედეგად დინოზავრის ნაკვალევი გამოჩნდა. იგი დაახლოებით 113 მილიონი წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარკი ავრცელებს.

"პარკის ტერიტორიაზე მდინარის სხვადასხვა ნაწილში ბოლო დროს გამოჩენილ ნაკვალევთა უმრავლესობა აკროკანტოზავრს ეკუთვნის. ამ სახეობის ზრდასრული დინოზავრი დგომისას 4.6 მეტრი სიმაღლისა იქნებოდა, მასით კი — თითქმის 7 ტონა", — განაცხადა პარკის წარმომადგენელმა, სტეფანი სალინას გარსიამ, CNN-თან საუბრისას.

მდინარე ბევრ ადგილას მთლიანად ამოშრა, რადგან შტატში ძალიან მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მეტიც, US Drought Monitor-ის მიხედვით, ტეხასის მინიმუმ 60% გასულ კვირაში ორი ყველაზე ინტენსიური კატეგორიის გვალვას განიცდიდა.

როგორც გარსია განმარტავს, ნორმალურ ამინდში მდინარის კალაპოტში დატოვებულ ნაფეხურებს წყალი და ნალექი ფარავს, შედეგად კი იგი თვალისათვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ნაკვალევი ისევ ჩაიმარხება, რადგან წვიმაა მოსალოდნელი, პროცესი კი მათ ატმოსფერული ზემოქმედებისაგან გამოწვეული ეროზიისგან დაიცავს.

"დინოზავრის ნაკვალევი ცოტა ხნით იყო ხილვადი, თუმცა პარკში ახალი ნაფეხურების პოვნის კუთხით ინტერესი აღძრა", — განაცხადა გარსიამ — "პარკი 113 მილიონი წლის ნაფეხურების დაცვას არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც განაგრძობს".