ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა, ხოლო „ნაპოლის“ თავკაცი ლუჩანო სპალეტი შეაქო.
როგორც კასანომ აღნიშნა, სპალეტი გენიოსია, რომელიც თავის ფეხბურთელებს კარგად ათამაშებს, ხოლო ალეგრი იმდენად ცუდი მწვრთნელია, რომ კარგ ფეხბურთელებს კარგად ვერ ათამაშებს.
„სპალეტი ალეგრისგან განსხვავებით გენიოსია. „ნაპოლის“ „იუვენტუსზე“ ნაკლებად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ სპალეტი მათ ღვთაებრივად ათამაშებს, ხოლო „ბიანკონერი“, რომელსაც უფრო ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, ფეხბურთს არ თამაშობს. ისინი სამ პასს ვერ აკეთებენ და ტურინელების თამაში არ იყურება.
კვარაცხელია ფენომენია, იტალიაში ახლახან ჩამოვიდა და უკვე შესანიშნავად თამაშობს. ლობოტკაც ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, „იუვეს“ ფეხბურთელებთან შედარებით. სპალეტი ახერხებს მისი ფეხბურთელების კარგად ათამაშებას, სწორედ ესაა ალეგრისგან განსხვავება, რომელსაც პრობლემები აქვს. ალეგრი მხოლოდ ყვირის, ყვირის, ყვირის და მორჩა. „ნაპოლი“ ნამდვილად გიჟურად თამაშობს“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კასანო „მილანში“ სწორედ ალეგრის ხელმძღვანელობით თამაშობდა, მიუხედავად ამისა, ვეტერანი ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტის საჯარო კრიტიკას დიდი ხანია არ ერიდება.