ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი სერია A-ში და კარგი თამაში

ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი სერია A-ში და კარგი თამაში "რომასთან"

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტიც შედგა. 24 წლის მცველმა, რომელიც ცოტა ხნის წინ „კრემონეზეს“ შეუერთდა, „რომას“ წინააღმდეგ სავსე „სტადიო ოლიმპიკოზე“ ითამაშა.

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთამდე ითამაშა. მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი დანიელ ჩოფანი შევიდა, რადგან კრემონელებს გოლი ჰქონდათ გასატანი.

„რომას“ ძალიან გაუჭირდა და კრის სმოლინგის 65-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. „კრემონეზეს“ რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქულას იმსახურებდა. სხვათა შორის, საგოლე შანსი ლოჩოშვილსაც მიეცა, როცა შორი მანძილიდან, დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.

ლუკა დაცვაშიც კარგი იყო. მაგრად იბრძოდა, არაფერი დაუთმო ტამი აბრაჰამს, ნიკოლო ძანიოლოს, პაულო დიბალას და ლორენცო პელეგრინის. ერთ მომენტში კი ძანიოლოს ბურთი ვარდნაში წაართვა, როცა იტალიელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა. სხვათა შორის, ამ ეპიზოდში ძანიოლომ მხარი იტკინა და შესაცვლელი გახდა, მაგრამ ლოჩოშვილმა ბურთზე სუფთად ითამაშა და მისი ბრალი ნიკოლოს ტრავმა არ ყოფილა. ყველა სტატისტიკურმა ვებგვერდმა ქართველს მაღალი შეფასება დაუწერა. ვთქვათ ისიც, რომ ლოჩოშვილი კახა კალაძის, ლევან მჭედლიძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის სერია A-ში ითამაშა.

„კრემონეზეს“ ორ ტურში 0 ქულა აქვს, „რომამდე“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ ასევე დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3, ბოლო წუთზე). მომდევნო ტურში მასიმილიანო ალვინის გუნდი შინ „ტორინოს“ უმასპინძლებს.