უილ სმიტმა ოსკარის 94-დაჯილდოებაზე მომხდარ ინციდენტზე ბოდიშის მოხდის შემდეგ ინსტაგრამზე პირველი პოსტი ახლახან გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ რომ კრის როკმა ოსკარის ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. პასუხად კი ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, კრის როკს სახეში გაარტყა.
ამ ფაქტის შემდეგ უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა. მსახიობმა ბოდიში მოუხადა, როგორც ოსკარის დაჯილდოების მაყურებლებს, ასევე კრის როკსაც. სმიტმა სოციალურ ქსელებში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ქმედებას არასწორი უწოდა და ძალადობა დაგმო.
ახლახან უილ სმიტმა ინსტაგრამზე პოპულარული მიმი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი აღწერა აქვს: "ვცდილობ, რომ სოციალურ მედიაში დავბრუნდე". სახალისო ვიდეოში ვხედავთ, რომ პატარა გორილას მასზე ბევრად დიდი გორილას ყურადღების მიქცევა სურს და შეხებით აღიზიანებს. როგორც მოსალოდნელია, დიდი გორილა ამის გამო წუხდება და ფაქტს უყურადღებოდ არ ტოვებს.
ჯერჯერობით უილ სმიტის ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. 17 საათში პოსტი 1,4 მილიონმა ადამიანმა მოიწონა და მსახიობს ძირითადად დადებითი კომენტარები დაუწერეს. შეგახსენებთ, რომ უილ სმიტს ინსტაგრამზე 63,8 მილიონი გამომწერი ჰყავს.