"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას შეცდომები ჰქონდა, მაგრამ კლასი აშკარად აქვს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო დონატიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დონატის თავის დროზე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „მილანში“, „ატალანტაში“, „ბარიში“, „სამპდორიაში“, „ტორინოში“, „პალერმოსა“ და „სელტიკში“.

როგორც 41 წლის მასიმომ აღნიშნა, კვარაცხელიას „ვერონასთან“ შეცდომებიც ჰქონდა, მაგრამ აშკარაა, რომ ფეხბურთელს კლასი და დიდი პოტენციალი აქვს.

„მისი თამაში ლაივში ვნახე, გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე პასი, მაგრამ რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. მან გუნდის სათამაშო მექანიზმთან ინტეგრირება უნდა მოახერხოს, თუმცა, ნიშნები ძალიან კარგია, კლასი აქვს, სირბილიც შეუძლია და გამძლეობაც აქვს“, - თქვა დონატიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 5:2 დაამარცხა, მეორე ტურში კი 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.