ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თქვა, ქართველმა მასზე ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისთვის მესიჯის მიწერას აპირებდა.
„კვარაცხელია შთამბეჭდავია. ვნახე „ნაპოლის“ თამაში და მინდოდა მისთვის მესიჯი გამეგზავნა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, ვთქვი, ჯერ მხოლოდ პირველი თამაშია. ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ როდესაც ბურთი მარჯვენა ფლანგზეა, ის მეორე თავდამსხმელის ფუნქციას ითავსებს. მის მიერ გატანილი გოლი შთამბეჭდავი ინტელექტისაა: მცველს უკან ასახტომად შეირბინა და დაცვაში არსებული ხვრელით ისარგებლა.
სპალეტი გენიოსია, გულამი, კულიბალი, მერტენსი, ინსინიე დაკარგა, ფაბიან რუსის თამაში აღარ უნდა, მერეტზეც კითხვის ნიშნებია და როგორ თამაშობს ეს გუნდი ასე კარგად?“, - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 5:2 დაამარცხა, მეორე ტურში კი 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს.