სანდრო მამუკელაშვილი:

სანდრო მამუკელაშვილი: "ძალიან მალე ყველაფერს გამოვასწორებთ"

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან აკროპოლისის თასზე 67:80 წააგო და ქართველი კალათბურთელებიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

მატჩის შემდეგ სანდრომ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერს გამოასწორებენ.

„სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ყველანი 100%-ით დავიხარჯეთ. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც გამოსასწორებელია. მჯერა ჩემი თანაგუნდელების, ყველას ერთმანეთის გვჯერა, ერთად ვართ შეკრულები და მალე ყველაფერს გამოვასწორებთ და უკეთესობისკენ წავალთ, რაც ამ ტურნირზე უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, წავაგეთ და ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ გუნდს უკეთესად ვეწყობი. ვცდილობ ვიპოვო ის ადგილები, საიდანაც შევძლებ შენგელიას და შერმადინს უკეთესად დავეხმარო და ფარზე ვიბრძოლო. იანისი რომ არ ითამაშებდა ვიცოდი, რადგან ზედიზედ ორ თამაშს არ თამაშობს, ევრობასკეტისთვის რომ დაისვენოს. ვნახე თამაშის შემდეგ და კარგის მეტი არაფერი უთქვამს. მითხრა, რომ ძალიან მგულშემატკივრობს, ძალიან ამაყობს ჩემი წინსვლით, ხედავს რამდენს ვვარჯიშობ და ფიქრობს, რომ "მილუოკიში" მის დახმარებას შევძლებ“, - თქვა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო, მომდევნო შეხვედრას კი 19 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.