მსოფლიოშიც და ჩვენს მეზობლადაც მარცვლეულის ფასებთან დაკავშირებით აშკარად სასიკეთოდ იცვლება ვითარება. ფასები მცირდება, ხოლო დეფიციტის საფრთხე უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. ეს მნიშვნელოვნად უკეთესობისკენ შეცვლის ვითარებას საქართველოშიც, სადაც უკვე საუბრობენ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე დადებითი ტენდენცია იკვეთება.
„საქართველოში მოსავლის აღება მალე დამთავრდება. ნაწილი ფერმერებმა უკვე დააბინავეს და არ ყიდიან. ტრადიციულად ელოდებიან უკეთეს ფასს სეზონის შემდეგ. ნაწილი იყიდეს წისქვილებმა და მიდის გადამუშავება. საუბარია მცირე წისქვილებზე, რომლებიც იგივე ზონაში არიან, სადაც ყანებია. ე.წ. სეზონური წისქვილები კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში.
დიდი, ინდუსტრიული წისქვილები კვლავ შეზღუდულად მუშაობენ. ძირითადად გადალაგდნენ ფქვილის იმპორტზე. თუმცა, რაღაც ნაწილს ხორბალი მაინც შემოაქვს. მცირე რაოდენობით, თუმცა ხორბლის იმპორტი განახლდა, რადგან მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე სასიკეთო ძვრები დაიწყო“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სილაგავამ და დასძინა, რომ ყველა დიდი წისქვილკომბინატი კვლავ გაჩერებულია. მხოლოდ საშუალო სიმძლავრეების მქონე წისქვილების მცირე ნაწილი და მცირე წისქვილები ამუშავებენ ადგილობრივ მოსავალს.
მეზობელი ქვეყნებიდან მარცვლეულის ფასთან დაკავშირებით მართლაც პოზიტიური ინფორმაციები მოდის. რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაცია მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ინტერვენციული ფონდის მიერ შესყიდვების გაზრდასა და მარცვლეულ კულტურებზე საექსპორტო გადასახადის გაუქმებას მოითხოვს. მიზეზად მიმდინარე წელს შიდა ბაზარზე მარცვლეულის ფასების კოლაფსს, ანუ მკვეთრ შემცირებას ასახელებს.
„ბაზარზე მარცვლეულის ფასები ჩამოიშალა, ხარჯები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოქმედი ფასები გაწეულ ხარჯებს ვერ ფარავს“, - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო საქონელზე ფასები წლის დასაწყისიდან აგვისტომდე 1,5-3-ჯერ გაიზარდა, ხოლო მე-4 კლასის ხორბლის ღირებულება იმავე პერიოდში კილოგრამზე 18-20 რუბლიდან 12-13 რუბლამდე (0,30-0,33 დოლარიდან 0,19-0,21 დოლარამდე) შემცირდა.
„იმ პირობებში, როცა მარცვლეულის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, ფერმერები შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ. მკაცრი სანქციების ზეწოლის პირობებში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება, რომელიც ფერმერთა მეურნეობების გაკოტრებას არ დაუშვებს“, - აღნიშნავენ ასოციაციაში.
ასოციაცია გლობალური ღონისძიების გატარებას, ანუ მარცვლეულზე სახელმწიფო კომპანიის შექმნას მოითხოვს, რომელმაც შიდა ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისგან პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად უნდა შეიძინოს. თუ კილოგრამის ფასი, მაგალითად, კვლავ 18-20 რუბლამდე (0,30-0,33 დოლარამდე) გაიზარდა, ფერმერებს უნდა ჰქონდეთ უფლება, სახელმწიფო კომპანიისგან თავიანთი მოსავალი ადრინდელი დაბალი, ფიქსირებული ფასით გამოისყიდონ.
როგორც „ბიპიენი“ წერს, წელს კრასნოდარის მხარეში მარცვლეულის ღირებულება, თითქმის, მესამედით დაეცა და 2017 წლის დონეს მიუახლოვდა: ნოვოროსიისკის ტერმინალში კილოგრამის ფასი დაახლოებით 14 რუბლია (0,23 დოლარია), ხოლო ადგილზე 12–12,5 რუბლად (0,19 დოლარად) იყიდება. ამასთან, მხარეში მარცვლეულის თვითღირებულება წელს შარშანდელზე მაღალია და საშუალოდ, 9-დან 10 რუბლამდე (0,14-0,16 დოლარამდე) შეადგენს. როსტოვის ოლქში მესამე კლასის კილოგრამ ხორბალზე ტრეიდერების საშუალო შესყიდვის ფასი 15 რუბლი (0,24 დოლარი), მეოთხე კლასზე 14,6 რუბლი (0,24 დოლარი), ხოლო მეხუთე კლასის ხორბალზე 12 რუბლი (0,19 დოლარი) დაფიქსირდა.