საქართველოს მთავრობა საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება. ივლისსა და აგვისტოში ავტოგასამართ სადგურებში საწვავის ფასის კლება მოხდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე თვეში ფასთა კორექტირება კიდევ იქნება, რაც საერთო ჯამში 20-30-თეთრიან სხვაობას მოიტანს.
„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე „პლატცის“ ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის პროპორციულად გაიაფება. ამიტომაც საჭიროა, საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.
რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რამე სახის გადაცდომა.
ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასს და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე გაიაფებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღირებულების შემცირების რესურზე საუბრობენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში, რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ აგვისტოში საწვავის ფასზე კლების ტენდენციის გაგრძელების საფუძველს ლარის კურსის გამყარება იძლევა.
„ჩვენ დავაკვირდებით ტენდენციებს მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასის შემცირება შეინიშნება სხვადასხვა ტიპის საწვავზე. განსაკუთრებით ვარდება ფასი დიზელის მიმართულებით. ამავე პერიოდში გამოხატულია ლარის კურსის გამყარების ტენდენცია და სტაბილურობა. შესაბამისად, ეს პროცესები გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ აგვისტოში კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, ალბათ, კომპანიები ამას თავადაც განაცხადებენ, რადგანაც ეს შესაძლებლობები რეალურად არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად მოკვლევას იწყებს, რისი მიზანიც იმის დადგენაა, ხომ არ აქვს მსხვილი კომპანიების მხრიდან ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად მოკვლევას დაიწყებს. მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, განსაკუთრებით მსხვილი კომპანიების მხრიდან, აქვს თუ არა ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას.
ჩვენ მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ კონკრეტულ კომპანიებს საფასო კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნული საცალო ბაზარზე სათანადოდ არ ასახულა. ამ კუთხით მეტი გამჭვირვალობის შეტანა და საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არის მოკვლევის მიზანი და მთავარი ამოცანა.
მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს გააჩნდათ ფასში კონკურენტული უპირატესობა, თუმცა აღნიშნული ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
საწვავის გაიაფებაზე დაბეჯითებით საუბრობენ ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. ამჯერად ფასთა კლება შეეხება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს. ბოლო დროს დიზელის გაიაფების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვერ ხერხედებოდა.
„ფაქტობრივად, ნავთობის ფასი უბრუნდება ომამდელ ნიშნულს. პარალელურად ეროვნული ვალუტაც მყარდება, შესაბამისად ჩვენთანაც საწვავმა გაიაფება დაიწყო. ფასების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა, საშუალოდ, 3 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ბრენდირებულ სადგურებს, აქაც შემცირებულია ფასები, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში საწვავი კიდევ უფრო გაიაფდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ უკრაინის ომი კვლავ სახეზეა, მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტური გვაქვს. აგვისტოს თვეში ფასების კლება გაგრძელდება“, - განაცხადა ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
ბოლო ინფორმაციით, საერთაშორისო ფასი ე.წ. პლატცის მიხედვით, ერთი ტონა ბენზინზე 917 დოლარია. რაც შეეხება დიზელს მისი ფასი 1 022 დოლარამდეა შემცირებული.