მოსავალი რეკორდულია, მთავრობა მევენახეებს წელსაც დაეხმარება

მოსავალი რეკორდულია, მთავრობა მევენახეებს წელსაც დაეხმარება

პრემიერმა დაადასტურა მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. რამდენადაც მოსავალი დიდია, ბიუჯეტს ამჯერად უფრო მეტი თანხის გაღება მოუწევს. გლეხებისთვის კი მთავარია ყურძნის ფასი, რომელიც ბოლო წლების მსგავსი იქნება და 90 თეთრიდან დაიწყება. ყველა საწარმო კი, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს მინიმუმ ამ ფასად შეისყიდის, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირებას წელსაც მოვახდენთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს დარგში 25 000-მდე მევენახეა ჩართული, რაც მათი ოჯახების გაძლიერებას, მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას ნიშნავს.

„მოგეხსენებათ, მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დარგია და ჩვენმა ხელისუფლებამ, მოსვლის დღიდან, ის ერთ-ერთ მთავარ დარგად გამოაცხადა. ჩვენი მხრიდან, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

წელს მოსავალი იქნება რეკორდული - დაახლოებით, 300 000 ტონა. შარშან, ქვეყანაში, დაახლოებით, 240 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. შესაბამისად, ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც აისახება ფასზეც. ამის თაობაზე უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე. ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ ამ კუთხით. ექსპორტის ნაწილში ჩართული გვყავს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ამოწმებენ საექსპორტო ღვინის ხარისხს, მის შესაბამისობას არსებულ ნორმებთან. ასევე, შარშან, ჩავატარეთ კადასტრი კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად მოვრჩებით ამ პროცესს“, - განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფოს მხრიდან რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების სუბსიდირება იგეგმება, საფერავი ისევ საბაზრო კონიუნქტურას დაექვემდებარება.

„სუბსიადია ეხება რქაწითელს და კახური მწვანის ჯიშის ყურძნებს. დღეს არის გამოწვევა, რაც უკავშირდება უკრაინის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ შევინარჩუნოთ სუბსიდირების ის მექანიზმი, რაც შარშან იყო. ეს გამოიწვია პანდემიამ. გასულ წელს ხარისხიდან გამომდინარე საწარმოები ყურძენში 1 ლარსაც იხდიდნენ და მეტსაც. დარწმუნებული ვარ, წელსაც ასე იქნება. ჩვენ ვადგენთ გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“, - აღნიშნა შამუგიამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, წლევანდელ რთველთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება - ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ 90 თეთრად, სუბსიდიის სახით მიიღებს 35 თეთრს.

„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მევენახისთვის. ჩვენ დაახლოებით 25 000 მევენახეზე ვსაუბრობთ და დაახლოებით 300-მდე საწარმოზე, რომლებიც ჩართული იქნებიან რთველის პროცესში. ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარება და მასზე ზრუნვა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ ამ კუთხით, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ქართული ღვინის პოპულარიზაციაში პრიორიტეტულ ბაზრებზე, ასევე, ღვინის ხარისხზე ზრუნვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღვინო მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი და შევძლოთ უფრო მეტი ექსპორტის განხორციელება. შედეგები სახეზე გვაქვს.

შარშან გვქონდა რეკორდული, 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენების, ომის გამო, ბაზარზე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი შემცირება, რამაც მთლიან, ღვინის პროდუქციის ექსპორტზე გარკვეული გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, მიღებულია სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს, საწარმოებს, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის რთველის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 150 მლნ ლარი დაიხარჯება.