„მარცვლეულის დერეფნის“ დადებითი ეფექტი საქართველოში ხორბლის ფასზე არ ასახულა

„მარცვლეულის დერეფნის“ დადებითი ეფექტი საქართველოში ხორბლის ფასზე არ ასახულა

ხორბალზე ფასი ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა, თუმცა არა იმდენად, რომ პანდემიიდან მოყოლებული დღემდე გაჩენილი პრობლემები წარსულს ჩაბარდეს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ბირჟებზე უკვე სტაბილურობა შეინიშნება.

ფაო-ს მონაცემებით, სურსათზე ფასები ივლისში გლობალურად შემცირდა. მან, საშუალოდ, 140.9 ქულა შეადგინა და ივნისის შემდეგ 8.6%-ით იკლო. უკვე მეხუთე თვეა მიყოლებით, რაც აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება, მას შემდეგ, რაც მან რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამის მიუხედავად, წლევანდელი ივლისის ინდექსი, 2021 წლის ივლისთან შედარებით, 13.1%-ით მაღალია.

მარცვლეულის ფასების ინდექსი გასულ თვეში 11.5%-ით დაეცა, თუმცა გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება. ფასები ინდექსში შემავალ ყველა ტიპის მარცვლეულზე შემცირდა და ეს, ნაწილობრივ, შავი ზღვის საკვანძო პორტებიდან ექსპორტისთვის ბლოკის მოხსნის შესახებ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმებამ გამოიწვია.

ნაწილობრივ კი, მარცვლეულის ფასების შემცირებაზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სეზონურმა მოსავალმა იმოქმედა. 2022 წლის განმავლობაში პირველად, შემცირდა ფასები ბრინჯზეც.

მიუხედავად იმისა, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ ამოქმედდა, სტაბილურობის შეგრძნება თითქმის არავის აქვს. განსაკუთრებით დიდი რისკს ხედავს უკრაინული მხარე.

„მარცვლეულის გარიგების“ წარუმატებლობის რისკი ყოველთვის არსებობს რუსეთის მხრიდან არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო. თურქეთმა და გაერომ უნდა გააკონტროლონ სიტუაცია და ხელი შეუშალონ კრემლის ხელმძღვანელს, ვლადიმერ პუტინს, შეთანხმების რელსებიდან გადასვლაში“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ვასილი ბოდნარმა.

ელჩმა, მაგალითად, გაიხსენა რუსეთის დარტყმა ოდესის პორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღესვე: „ჩვენ არ ვიცით, რა არის პუტინის გონებაში. ეს არის ახლა მთავარი საფრთხე. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ზღვაში მათი ხელში ჩაიგდება ან მათზე თავდასხმა სცადოს“.

„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები - უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ - რამდენიმე დღის წინ ამუშავდა. უკრაინა გეგმავს თვეში 100-ზე მეტი გემის მომსახურება უზრუნველყოს.

რეგიონში და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზისას ფრთხილობენ საქართველოშიც. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას აზრით, მიმდინარე კვირიდან უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანას უკვე სისტემატიური ხასიათი უნდა მიეცეს და ყველაფერი გრაფიკით დარეგულირდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სტაბილური ქარავანი გამოვიდა. უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის გარკვეული საგზაო რუკა, იმისათვის, რომ მოხდეს შემდგომი სწორი და სწრაფი გამოტანა უკრაინიდან.

ხორბლის ფასზე „მარცვლეულის დერეფნის“ ეფექტი ჯერ არ ასახულა. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციაა, თუმცა არის სხვა ფუნდამენტური ტენდენციები, რომლებიც მოქმედებენ ხორბლის ღირებულებაზე. მაგალითად, მოსავლის რაოდენობა რუსეთში, კანადაში და ყაზახეთში. კანადამ უკვე გამოაცხადა, რომ 40%-ით ნაკლები ხორბლის ექსპორტს განახორციელებს. ანალოგიურად ფიქრობს ძალიან ბევრი ქვეყანა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯერ ვერ წონის უკრაინიდან ხორბლის გამოტანის ეფექტს.

ერთადერთი ჯერ რუსეთმა დააანონსა დიდი მოსავალი. ევროკავშირი წელსაც იგივე მოსავალის პროგნოზირებს, რაც შარშან იყო. უკრაინაში ვიცით, რომ შემცირებული იქნება, რადგანაც ხვნა-თესვითი სამუშაოებიც ვერ განხორციელდა დროულად. ასე რომ, რისკები ახლაც ძალიან დიდია“, - განუცხადა „კომერსანტს“ სილაგავამ.