იტალიურმა გამოცემა Corriere Della Sera-მ სერია A-ს სეზონის წინ მონაწილე ყველა კლუბიდან იმ ფეხბურთელების შესახებ დაწერა, რომლებიც პენალტებს, საჯარიმო დარტყმებსა და კუთხურებს შეასრულებენ.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ „ნაპოლიში“ ჯარიმებსა და კუთხურებს კვარაცხელია შეასრულებს, მაგრამ პირველი პენალტისტი ქართველი არ იქნება.
„ნიჭიერი ქართველი შესაძლოა სერია A-ს მომდევნო სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყოს. ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ ტექნიკური ლიდერი ის იქნება. საჯარიმო დარტყმებისა და კუთხურების შესრულება მისი პრეროგატივა იქნება და ვინ იცის, პენალტებიც შეასრულოს. თერთმეტმეტრიანების შესრულების პირველი კანდიდატი ვიქტორ ოსიმენია, მაგრამ ნიგერიელი თავდამსხმელის მოედანზე არყოფნის შემთხვევაში მეორე არჩევანი კვარაცხელია იქნება“, - წერს Corriere Della Sera.
მოგეხსენებათ, მანამდე ნეაპოლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენალტისტი კვარაცხელია იქნებოდა, თუმცა, პრესეზონიდან გამომდინარე სავარაუდოდ, ამ როლს ოსიმენი მოირგებს. საქმე ისაა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე „ნაპოლიმ“ ორი პენალტი შეასრულა - ერთი ოსიმენმა, მეორე - ხვიჩამ. თუმცა, როცა ბურთთან ნიგერიელი ფეხბურთელი მივიდა, მოედანზე ქართველიც იყო, ხოლო როცა პენალტი კვარაცხელიამ დაარტყა, მაშინ მინდორზე ოსიმენი არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, სტუმრად „ჰელას ვერონას“ დაუპირისპირდება. პრესეზონზე ხვიჩა კვარაცხელიამ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.