ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო და დრამატული მატჩებით გამოირჩეოდა.
ზაგრების „დინამომ“ ბულგარული „ლუდოგორეცი“ ჯერ სტუმრად დაამარცხა (2:1) და ამჯერად საკუთარ მოედანზეც შანსი არ დაუტოვა - 4:2. შესაბამისად, ხორვატებმა 6:3 მოიგეს და პლეი-ოფში ითამაშებენ.
პრობლემების გარეშე გავიდა პლეი-ოფში ლისაბონის „ბენფიკა“, რომელმაც დანიურ „მიდტიულანდს“ ორი მატჩის ჯამში 7:2 აჯობა (4:1, 3:1).
გამოსარჩევია აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ წარმატება, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროშიც“ დაამარცხა. აგდამელებმა უნგრელებს მისსავე მოედანზე 3:1 მოუგეს, ხოლო პირველი თამაში ფრედ 1:1 იყო დასრულებული და შესაბამისად, აზერბაიჯანელებს ჯგუფურ ეტაპამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებთ. ლუკა გუგეშაშვილი "ყარაბაღის" სათადარიგო სკამზე იყო.
ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზა „რეინჯერსმა“, რომელმაც ბელგიურ „უნიონ სენ ჟილთან“ ერთი კვირის წინ გასვლაზე 0:2 წააგო, მაგრამ „აიბროქსზე“ ყველაფერი შესაძლებელი რომ არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. შოტლანდიელებმა ბელგიელებს 3:0 მოუგეს და გლაზგოელები პლეი-ოფში გავიდნენ, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილი უკვე გაინაღდეს, სადაც გასულ სეზონში ფინალში ითამაშეს.
გრაცის „შტურმმა“ კიევის „დინამოსთან“ მაგრად იბრძოლა, მაგრამ უკრაინული ბარიერი მაინც ვერ დაძლია. ავსტრიელებმა ერთი კვირის წინ სტუმრად 0:1 წააგეს და შინ 90 წუთში ამავე ანგარიშით იმარჯვეს, შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც გრაცელებმა უპირატესობა ვერ გაზარდეს. უფრო მეტიც, „დინამომ“ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ავსტრიაშიც მოიგო. ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია, მისი გუნდი კი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადავიდა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას იქ ეცდება.
ასევე დამატებითმა დრომ გადაწყვიტა პსვ ეინდჰოვენისა და მონაკოს მატჩის ბედი, რომელიც ნიდერლანდელებმა მოიგეს. „ლუი მეორეზე“ ერთი კვირის წინ ფრე დაფიქსირდა (1:1) და 90 წუთში გამარჯვებული არც „ფილიპს არენაზე“ გამოვლენილა - 2:2. აღსანიშნავია, რომ „მონაკო“ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ 89-ე წუთზე გაუშვა და პსვ-მ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ლუკ დე იონგმა გამარჯვების გოლი 109-ე წუთზე შეაგდო. ამრიგად, რუუდ ვან ნისტელროის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია, „მონაკო“ კი ევროპა ლიგის.