„თუ საზღვრებს ჩავკეტავთ, ეს მხოლოდ ტურიზმის შეზღუდვით არ დამთავრდება, ამას სხვა ჩაკეტვები და სხვა შეზღუდვები მოჰყვება, ამ შემთხვევაში, სადამდე მივალთ?!“

„თუ საზღვრებს ჩავკეტავთ, ეს მხოლოდ ტურიზმის შეზღუდვით არ დამთავრდება, ამას სხვა ჩაკეტვები და სხვა შეზღუდვები მოჰყვება, ამ შემთხვევაში, სადამდე მივალთ?!“

„რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის გადაადგილებას თუ შევზღუდავთ, ეს არა მარტო ტურიზმზე, შემოსავლებზე და მილიონ ჩვენს მოქალაქეზე აისახება უარყოფითად“, - ასე შეაფასა აკადემიკოსმა, ავთანდილ სილაგაძემ For.ge-სთან ინტერვიუში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. 

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე. ეს რა გავლენას იქონიებს საქართველოს ტურიზმზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?

- თუ ვიქნებით ამის ინიციატორი, რომ გადაადგილება ამ ადამიანებზე შევზღუდოთ, ეს არა მარტო ტურიზმზე, შემოსავლებზე და მილიონ ჩვენს მოქალაქეზე აისახება უარყოფითად. რუსეთში საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, ისინი აქ მათ ახლობლებთან ჩამოდიან. ეს ზოგადად, ქვეყანაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, უარყოფითად აისახება.

წინა წლების სტატისტიკას რომ შევადაროთ, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გაზრდილია თუ არა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე?

- რა თქმა უნდა, გააქტიურება შეიმჩნევა უფრო მეტად. ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყებოდა, ჩვენ უფრო დივერსიფიცირებული ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ ახლა უკრაინიდან თითქმის მინიმალურ დონეზე დავიდა ყველაფერი და რუსეთთან მონაცემები ზრდას უჩვენებს. 

თუ ვერ მიიღე ის ხორბალი, რაც უკრაინიდან შემოგვქონდა, შესაძლებელია მიიღო რუსეთიდან. ასევე გაზრდილია ჩვენგან გატანილი პროდუქციის რაოდენობა. რა თქმა უნდა, ზრდა შეიმჩნევა ორივე მიმართულებით, ექსპორტ-იმპორტის კუთხით.

პოლიტიკოსების ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. რა მოხდება ამ შემთხვევაში და ეს ჩვენზე როგორ აისახება?

- რაც ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული ერთ რომელიმე მიმართულებაზე, ქვეყნისთვის უკეთესია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის. თუმცა, ალტერნატივა უნდა გვქონდეს. მოცემულ მომენტში არის სპეციფიკური სიტუაცია. გარკვეულწილად, რუსეთი დაინტერესებულიც არის, რადგან ტურისტული ცენტრები მათ სხვაგანაც ჰქონდათ და ცდილობენ, რომ ჩვენ ბაზარზე შემოვიდნენ. ტურიზმის თვალსაზრისით, ეს დამატებით თანხებს ნიშნავს. 

როდესაც ისინი ბლოკირებული არიან მთელი რიგი განვითარებული ქვეყნებიდან, ბუნებრივია, ჩვენი პროდუქცია აინტერესებთ მათ და ამიტომ, მოთხოვნა გაიზარდა. მეორე კუთხით, რუსეთს პროდუქციის რეალიზების პრობლემაც აქვს და ჩვენ საშუალება გვაქვს გვქონდეს ფასდაკლებით. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით, გვაძლევს დამატებით შემოსავალს.  პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი პოზიცია გარკვეულია და ყველა პოზიციაში მხარს ვუჭერთ დასავლეთს და უკრაინას. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არ გაგვეწყვიტა, ვფიქრობ, სწორი პოლიტიკაა. თუ ჩვენ საზღვრებს ჩავკეტავთ, ეს მხოლოდ ტურიზმის შეზღუდვით არ დამთავრდება, ამას სხვა ჩაკეტვები და სხვა შეზღუდვები მოჰყვება, ამ შემთხვევაში, სადამდე მივალთ?! ყოველ წუთში ომზე არის საუბარი. ისიც არ ვიცით, რა მოხდება, უკრაინაში როგორ დამთავრდება ომი და შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. ჩაკეტვა კიდევ უფრო გაართულებს ურთიერთობას და დაძაბავს ვითარებას. ეს ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება?! - სიჩქარე ამ საკითხთან დაკავშირებით, არ ღირს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები საქართველოში. რა ციფრები გვაქვს ამ მიმართულებით?

- რუსეთიდან ფულადი გზავნილები გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში მოხდებოდა. ზოგადად, რუსეთიდან ყოველთვის იყო ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი, მაგრამ ახლა ტემპმა იმატა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება დღეს რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდეს, ფიქრობდეს, რომ ის უფრო მშვიდ სიტუაციაში იქნება ჩვენთან, რადგან რუსეთში არასტაბილური მდგომარეობაა. ეს მოქალაქეები შესაძლოა საქართველოში დაბრუნებას ცდილობდნენ, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ.

ამ კვლევის მიხედვითვე, 2019 წელს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები ტურისტებად ჩამოდიოდნენ, დღეს ისინი საქართველოში საცხოვრებლად გადმოდიან და აქ იწყებენ ბიზნესს...

- შეიძლება იყვნენ არაქართველებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საწარმოები გახსნან აქ. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში ხედავენ უფრო სტაბილურ სიტუაციას. ესეც რუსეთ-უკრაინის ომის გამოძახილია, რომ არაქართველები აქ ხსნიან ბიზნესს. 

 

ლაზი ა. სილაგაძე არ არის, ვიღაც ახლად გამოჩეკილი "ექსპერტი". მისი დონის ეკონომისტი და ხელმძღვანელი მუშაკი საქართველოში ერთი ხელის თითებით დაითვლება. მისი აზრი უდაოდ გასათვალისწინებელია.
სახელმწიფოში, უსაფრთხოებაზეც და საგარეო პოლიტიკაზეც, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
ლელოს და მისთანა სტრატეგოსებს კაციშვილი არ მოთხოვს პასუხს არაფრისათვის. მათ ყველას მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ. თან ქულებსაც აგროვებენ, მომავალი არჩევნებისათვის, ერთ-ორ პროცენტიანი ელექტორატის მისამხრობად. რასაც უნდათ იმას წამოისვრიან და ვისაც გინდა დაკბენენ, თავისი მწირი ელექტორატის შესანარჩუნებლად. მათ წამოძახილებზე სახელმწიფო პოლიტიკა ვერ აიგება. სიტყვის თავისუფლება, ოპოზიციის ჭკუაზე სახელმწიფოს მართვას არ ნიშნავს.
1 წლის უკან