ვიქტორ ყიფიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის მორიგი წნეხი, რომლის მარწუხებშიც ექცევა „კრედიტ სუისი“ და რომელმაც, როგორც წესი, ბანკის მხრიდან უნდა განაპირობოს მეტი შეთანხმებისუნარიანობა

ვიქტორ ყიფიანი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის მორიგი წნეხი, რომლის მარწუხებშიც ექცევა „კრედიტ სუისი“ და რომელმაც, როგორც წესი, ბანკის მხრიდან უნდა განაპირობოს მეტი შეთანხმებისუნარიანობა

ვიქტორ ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავაზე სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება შეაფასა. ამ თემაზე ივანიშვილის ადვოკატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც 4 მარტიდან იწყება და უკავშირდება მეტად უჩვეულო მომიზეზებას „კრედიტ სუისის“ სტრუქტურის მხრიდან. ეს არის თანხა, რომელსაც ბერმუდებზე მიმდინარე დავასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის აბსოლუტურად სხვა აქტივები. მეტიც, ეს ის ფინანსური აქტივებია, რომელიც არ არის განთავსებულ „კრედიტ სუისში“, როგორც ბანკში, არამედ სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ერთადერთი, რაც გამოარჩევს ამ თანხას არის ის, რომ მას „კრედიტ სუისის“ მიერ შექმნილი ტრასტი მართას.

რაც შეეხება ბერმუდის გადაწყვეტილებას, რით გამოირჩევა 25 ივლისის დადგენილება - მოგეხსენებათ, რომ მარტში იმავე სასამართლომ მოპასუხე მხარეს დააკისრა 607 350 000 დოლარის გადახდა. მაგრამ ჰაერში გამოკიდებული იყო ის თუ როგორ მოხდებოდა ამ თანხის გადახდის აღსრულება. მოპასუხე მხარემ გააცნობიერა რა, რომ მისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებაზე უშედეგო იქნებოდა, სასამართლო პროცესის მსვლელობისას სასამართლოს შესთავაზა გარანტის წარდგენა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარანტია იქნება მორიგი უსაფუძვლო დაპირება ბანკის მხრიდან, ისეთი, როგორიც არაერთგზის ყოფილა წარსულში, რომ ეს იქნებოდა ის ვალდებულება, რომელსაც ბანკი დაარღვევდა, როგორც არაერთ სხვა ვალდებულებას წარსულში. ეს განაპირობებდა ჩვენი მხრიდან არც მეტი, არც ნაკლები მორიგ დავაში შესვლას.

ამდენად, იმის მიუხედავად, რომ ბანკი ძალიან ებღაუჭებოდა ამ მექანიზმს, რომ რეალურად ბანკიდან ფულის გასვლა არ მომხდარიყო, ჩვენ დავასაბუთეთ ჩვენი არგუმენტი: 1 - რამდენად სარწმუნო იქნებოდა ეს ვალდებულება და მეორე - ბანკის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული და რომლის ფინანსური მდგომარეობა ძალიან საორჭოფოა, ნებისმიერი ასეთი ვალდებულება საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში, მანამ სანამ ყველა სააპელაციო ინსტანცია არ იქნებოდა ამოწურულია, ბუნებრივია, ჩვენ სიმყარისა და სიმტკიცის გრძნობას არ გვანიჭებდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი კონტრწინადადება იყო თანხის დეპოლირება სპეციალურად განწესებულ ანგარიშზე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს ჩვენი შუამდგომლობა და მივიჩნევთ, რომ ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომლის ზონა და წონა მხოლოდ ტაქტიკური წარმატების მნიშვნელობას აღემატება. გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 42 დღეში ბანკს ევალება რეალურად, ფიზიკურად 607 350 000 მილიონი დოლარის განთავსება სპეციალურად განწესებულ ანგარიშზე ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკში. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მორიგი წნეხი, რომლის მარწუხებშიც ექცევა ბანკი და რომელმაც, როგორც წესი, ბანკის მხრიდან უნდა განაპირობოს მეტი შეთანხმებისუნარიანობა“, - განაცხადა ყიფიანმა.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს კიდევ ერთი დავა მოუგო. ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას 600 მილიონ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურება 42 დღის განმავლობაში დაეკისრა.