ლევან იოსელიანი: „ფეისბუქზე“ პოსტის „დაგულვის“ საფუძვლით მოსამართლის აცილება დაუშვებელია - ეს თავად სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება

ლევან იოსელიანი: „ფეისბუქზე“ პოსტის „დაგულვის“ საფუძვლით მოსამართლის აცილება დაუშვებელია - ეს თავად სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება

„ფეისბუქზე“ პოსტის „დაგულვის“ საფუძვლით მოსამართლის აცილება დაუშვებელია - ეს თავად სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილების თაობაზე განაცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თავად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსულში კოლეგიური ორგანოს მიერ რომელიმე, მათ შორის სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, მოსამართლის საქმის განხილვისგან აცილების საფუძვლად ვერ გამოდგება.

იოსელიანის განცხადებით, "საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ" კანონის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი მოსამართლის აცილებაზე თუ ის მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.

"მხარეს რა თქმა უნდა უფლება აქვს დააყენოს შუამდგომლობა სასამართლოს წევრის აცილების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაზე. რის შესახებაც უნდა იმსჯელოს კოლეგიამ და შეაფასოს როგორც მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ საქმეზე ასევე, შეაფასოს ობიექტური მიუკერძოებლობის კუთხითაც.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში საქმეს განიხილავს ის მოსამართლე, რომელიც წარსულში პარლამენტის წევრის სტატუსით მონაწილეობდა ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მიღებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, "მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსულში კოლეგიური ორგანოს მიერ რომელიმე, მათ შორის, სადავო აქტის მიღებაში მონაწილეობა, თავისთავად, ვერ გამოდგება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძვლად", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას, სოციალურ ქსელში გამოხატული პოზიციის გამო ითხოვს.