ფარმაცევტები და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აგვისტოდან იაფი თურქული მედიკამენტები გაძვირდება და ფასთა შორის სხვაობა 30%-ს მიაღწევს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კი უმნივშნელო კორექტირებაზე საუბრობს.
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ამას ითვალისწინებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. ბრძანების მიღების საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.
ცვლილება გავლენას მოახდენს ქართულ ბაზარზეც, რადგანაც 2022 წლის იანვრიდან საქართველოში, თურქული ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი წამლები შემოდიოდა. „ფარმადეპოს“ და „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელების ინფორმაციით, ეს ცვლილება სარეალიზაციო ფასებს 20%-30%-ით გაზრდის.
იგივეს ამბობენ ფარმაცევტთა ასოციაციაშიც, სადაც ამბობენ, რომ ფასის ზრდა კი, სავარაუდოდ, ერთ თვეში ან აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
„რამდენიმე დღის წინ თურქეთში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თურქული მედიკამენტების ფასის ზრდას გულისხმობს, რა თქმა უნდა, საქართველოში შემოტანილ პროდუქციაზეც მოახდენს გავლენას და ფასი, სავარაუდოდ, 30%-ით გაიზრდება. ეს დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან დაიწყება, რადგან ამ ეტაპზე კომპანიებს აქვთ გარკვეული მარაგი და ცვლილება მყისიერი არ იქნება.
მიუხედავად ფასის ზრდისა, რაც თურქეთში არსებულმა მაღალმა ინფლაციამ და ლირის გაუფასურებამ გამოიწვია, ევროპულთან შედარებით, თურქული წამლები უფრო ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა.
ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებენ ჯანდაცვის სამინისტროში. თურქული მედიკამენტების შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით საგანგებო განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა. მისი განცხადებით, ფასის შესაძლო ზრდის მიუხედავად, თურქული წამლები მის ალტერნატივებთან შედარებით უფრო იაფი იქნება.
„საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. თურქეთში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული კურსი დაკორექტირდა, რამაც შესაძლოა მცირე გავლენა იქონიოს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე და მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით. ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის თებერვალში ანალოგიურ კორექტირებას ჰქონდა ადგილი, რასაც საქართველოში თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტების ფასებეზე გავლენა არ მოუხდენია.
თურქეთში ფარმაცევტული კურსის ცვლილებით არ დაიკარგება ის ეფექტი, რაც საქართველოში თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მივიღეთ.
ზოგადად, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. ის ეფექტი, რომელიც წლის დასაწყისში, თურქული ბაზრის გახსნით მივიღეთ საქართველოში მედიკამენტების ფასებთან მიმართებაში, არ გაქრება.
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები კვლავ მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში. ვფიქრობ, საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, არის სპეკულაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
ამჟამად საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ფასები 60%-დან 80%-მდე შემცირდა. წელს, 150 000-ზე მეტმა ადამიანმა მედიკამენტებში ძველი ფასებით 79 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 26 მილიონი ლარი გადაიხადა.