საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2023-25 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. ინფლაციისა და სხვა გამოწვევების ფონზე ეს თითქოს მისაღებია, მაგამ მეორე მხრივ, ქვეყანაში დიდ ტვირთად აწევს ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც ამ გადაწვეტილების სისრულეში მოყვანის შემდგე კიდევ უფრო დამძიმდება.
ფინანსთა მინისტრის აზრით, დღეს საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე აღმოფხვრილი უნდა იყოს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმიტომაც გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.
„განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: 2026 წლის 1-ელი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო იმ პროცენტული მაჩვენებლით უნდა განისაზღვროს, რა პროცენტულადაც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფოს სექტორში საშუალო ხელფასი გაიზრდება და ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს ანუ, განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით უნდა იყოს.
დღევანდელი მოცემულობით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე კერძო სექტორთან შედარებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იცვლებოდა. 93-94%-იც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 74%-მდე არის შემცირებული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრის ინიციატივა მაშინვე შეაფასეს ეკონომისტებმა. „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოხდეს კონკრეტული უწყებებისა და დასაქმებულების მუშაობის შედეგების გადახედვა, შეფასებების გაკეთების შემდეგ კი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ერთ-ერთი გამოსავალი იმისა, რომ გარკვეულწილად ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების შემცირება მოხდეს, კადრების ოპტიმიზაციაა.
„საჯარო მოხელე იქნება თუ კონკრეტული უწყება, მათი სამუშაო პროცესის გარკვეული შედეგების შეფასება უნდა ხდებოდეს და ამის შემდეგ უკვე ოპტიმიზაცია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ რიგ შემთხვევებში ამ კუთხით ნაბიჯები არის, თუნდაც ამის მაგალითია სამინისტროების გაერთიანება. თუმცა შემდეგ პირიქით ხდება ხოლმე, გაერთიანებული სამინისტრო შეიძლება დაიშალოს. ამ ნაწილში უფრო მკაფიო ხედვა აუცილებელია“, - აღნიშნა პაპავამ.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე კი ფიქრობს, რომ ხელფასები უნდა იზრდებოდეს ინფლაციის შესაბამისად. მაგალითად, ინფლაცია თუ არის 10%, ხელფასი უნდა იზრდებოდეს 3%-ით. ეს რაც შეეხება საჯარო უწყებებს, თორემ კერძო სექტორში ხელფასების საკითხი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე უნდა წყდებოდეს.
„წესით, კერძო სექტორში უფრო მაღალი უნდა იყოს ხელფასი, ვიდრე - საჯაროში. ბიზნესაქტივობა, კომერციული ინტერესები უფრო სწრაფად ადაპტირდება შეცვლილ ეკონომიკურ გარემოსთან. საცალო სფეროში, ძირითადად, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საბიუჯეტო სახსრების შემოსავლებზე. საუბარია, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები, რაც აბსოლუტურად მისაღებია.
ცხადია, ანაზღაურების ზრდის ტემპი არ უნდა ჩამორჩეს ინფლაციის ზრდის ტემპს, 12-13 და მეტი პროცენტი თუ იქნება ინფლაცია, გამოდის, რომ რეალური ხელფასი კი არ გაიზრდება, შემცირდება. საჯარო სექტორსაც სჭირდება კრეატიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირები, რომლებიც ამ სექტორიდან არ გაიქცევიან და სახელმწიფოებრივ მიზნებს მოემსახურებიან, ამიტომ უნდა იყოს ისეთი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს ხელფასის ზრდას, სულ მცირე, 3%-ით ყოველწლიურად, ანუ ინფლაცია თუ იქნება 10%, ხელფასი უნდა იზრდებოდეს 3%-ით. კერძო სექტორში ეს მოთხოვნა-მიწოდების საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა ინტერესების დაცვა, რომ ფარულ თუ ღია ტრეფიკინგს არ ჰქონდეს ადგილი.