„სესიაზე, რომელსაც საქმე არ ექნებოდა, უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს პოლიტიკურ დებატებში, რაც დაპირისიპირების გამწვავება იქნებოდა“

„სესიაზე, რომელსაც საქმე არ ექნებოდა, უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს პოლიტიკურ დებატებში, რაც დაპირისიპირების გამწვავება იქნებოდა“

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და 18 ივლისიდან რიგგარეშე სესია მოიწვია. მიუხედავად ამისა, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, პარლამენტის სხდომები არ გაიმართება, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობამ რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება. მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.

დღის წესრიგში მოცემული ოთხივე საკითხი, საკომიტეტო მოსმენაზე არაა განხილული. რეგლამენტის მიხედვით კი, სანამ სესიაზე მოხდება საკითხის განხილვა, უნდა ხდებოდეს მისი გატანა კომიტეტზე და მისი მხარდაჭერის შემდეგ ეს საკითხი გადის სხდომაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ სესიებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების არდასწრებით, თავიდან იქნა აცილებული ვითარების გამწვავება.

„უარის თქმა სწორად მიმაჩნია იმის ფონზე, რომ სესიაზე, რომელსაც საქმე არ ექნებოდა, რადგან კანონები არ არის მომზადებული და პროცედურულად მის მიღებას ვერ მოახერხებდა, უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს პოლიტიკურ დებატებში, რაც დაპირისიპირების გამწვავება იქნებოდა.

ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების პოზიციაზე. ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრის წერილს რაღაც პასუხი უნდა გაეცეს. წესით, ერთ-ერთი პასუხი უნდა იყოს ის, რომ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და ვითარებას გაეცნონ.

თუ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება ვერ ხერხდება, გაირკვეს, რის გამო ვერ ხერხდება. თუ მიღწეული იქნება დასავლეთის მხრიდან ქართულ რეალობაში ღრმად ჩახედვა, მაშინ, ალბათ, ეს საკითხებიც, ვინ რა როლს თამაშობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, სხვანაირად შეფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„მთავარი განმაზღვრელი არ არის სესიის გადადება და „ქართული ოცნების“ არდასწრება, არამედ ის, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ქვეყნის საკითხის განხილვა გადავადდა 2023 წლისთვის, ეს უკვე დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, ერთ-ერთი ნაბიჯი კი არის უარის თქმა რიგგარეშე სესიებში მონაწილეობაზე.

კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად არ სურს ნაბიჯის გადადგმა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. „ქართული ოცნება“ არ თმობს და მისი „დამსახურებაა“, როდესაც ლანძღავდნენ ევროპარლამენტარებს და ა.შ. ამაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეკისრება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან დანიშნულია სესია ვერ შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიის გახსნას სჭირდება პლენარული სხდომა, პლენარულ სხდომას - დღის წესრიგი, საკითხები, რაც დააყენეთ, ვერ მოხვდება ამ დღის წესრიგში.

მისი თქმით, რიგგარეშე სესია პლენარული სხდომით უნდა გაიხსნას, თუმცა სხდომისთვის განსახილველად წარმოდგენილ საკითხებს ვერ განიხილავენ, რადგან როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ საკომიტეტო მოსმენა გავლილი არ აქვთ.

„რიგგარეშე სესია შეიძლება მოწვეულ იქნეს პარლამენტის წევრების გარკვეული რაოდენობის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტის მხრიდან, სავარაუდო დღის წესრიგს აყენებს სწორედ დეპუტატების ჯგუფი. იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა და ამით იხსნება რიგგარეშე სესია. პლენარული სხდომისთვის აუცილებელია ჰქონდეს მას განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ამის გარეშე პლენარული სხდომა ვერ დაიწყება.

განსახილველად წარმოდგენილი 4 საკითხიდან შევთანხმდით, რომ არც ერთზე არც კი გვაქვს უფლება, ჩავსვათ პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რადგან არც ერთზე არ არის წამყვანი კომიტეტის დასკვნა, არც ერთს არ აქვს გავლილი საკომიტეტო მოსმენა, შესაბამისად, თქვენ ამით პრეზიდენტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

trampi რატომ ეძახით ამ ჩიტირეკია მწყერიაშვილს ექსპერტს?
ან ნაცმოძრაობის წევრი თქო................. ასე მაინც წარმოადგინეთ ხოლმე
გვაბრაზებთ ...
დღევანდელ დღეს ყველაზე ობიექტური არის შარაშენიძე........ხოოდა იმ კაცს მაინც კითხეთ ხოლმე აზრი...ამან რაც უნდა თქვას წინასწარ ისედაც ვიცით
რა სახალხო დამცველიც ლომჯარიაა...... ის ექსპერტია ესეც
1 წლის უკან