რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, ევროპა გაზის მიწოდებისთვის სხვადასხვა გზებს ეძებს. სწორედ ამ მიზეზით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ენერგომიმართულებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.
მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე ახლა გაზრდის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროკავშირისთვის 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ილჰამ ალიევს შორის დადებული ხელშეკრულებით მტკიცდება, რომ აზერბაიჯანი სერიოზული სახელმწიფოა.
„აზერბაიჯანი სერიოზული სახელმწიფოა და ისეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს, რომელიც პოლიტიკურ ჩარჩოებში ჯდება. აზერბაიჯანი მაგალითია იმის, თუ სახელმწიფომ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. ევროპის ქვეყნები ეკონომიკურ კატასტროფის წინაშე დგანან და ძალიან მალე საშინელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ეს კი არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს. ასე რომ, ამ ხელშეკრულებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი სერიოზული ქვეყანაა“, - აღნიშნა გიორხელიძემ.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე კი მიიჩნევს, რომ „სამხერეთ გაზის დერეფნის“ გამტარიანობით საქართველო სერიოზულად იხეირებს და ეს საქართველოს ეკონომიკას დაეტყობა.
„უკრაინაში რაც ომი დაიწყო, ტრანციმბირული მაგისტრალი ფაქტიურად ბლოკირებულია. ამან კი საქართელოს, როგორც შუადერეფნის დატვირთვა და ფუნქცია გაზარდა. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, ეს არის სწორედ სამხრეთ დერეფნის შემადგენელი კომპონენტი. შუა დერეფანი, მარტო საავტომობილო გადაადგილების კი არ არის, არამედ ეს მოიცავს ენერგოგამტარიანობასაც. „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ამოქმედებით, საქართველოს მოსახლეობა დასაქმდება და დამატებით შემოსავლებს მიიღს. ამ მილსადენში რაც უფრო მეტი გაზი გავა, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი შემოსავალი დარჩება“, - განუცხადა ცუცქირიძემ for.ge-ს.