საქართველოში თითქმის არ არის დარჩენილი სფერო, სადაც კადრების დეფიციტის პრობლემა არ იდგეს. რაც დრო გადის, იგი უფრო მწვავდება. უკვე საუბარია უცხოეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანაზეც.
თხილის სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა კი აქედანვე ამბობს, რომ სამუშაო ძალი დეფიციტია. ამ პრობლემამ ჯერ კიდევ შარშან იჩინა თავი. მოსავლის აღების პროცესში სეზონური მუშახელის შოვნა ძალიან ჭირდა და უპრეცენდენტოდ მაღალი ფასიც იყო.
„სამუშაოები მოცვის პლანტაციებმა გაზარდა რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ მოცვის მოსავალთან დაკავშირებული სამუშაოები თხილის მოსავლის აღების დაწყებამდე დასრულდება. უკვე გვყავს მობილიზებული ჯგუფები, რომლებიც მოსავლის აღებაზე იმუშავებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, დეფიციტი მაინც არსებობს, რაც ბოლო წლებში მოსავლის ნათესი ფართობების ზრდამ განაპირობა.
ვცდილობთ, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოვიყვანოთ სამუშაო ძალა მოსავლის აღებისთვის. მზადება უფრო ინტენსიურად მომავალი კვირიდან დაიწყება. გასულ წელს, ჩვენ უპრეცენდენტოდ მაღალი ფასი გადავიხადეთ მოსავლის აღებაში, თუ წელსაც იგივე ფასებით გაგრძელდა, ფერმერებს ძალიან გაუჭირდებათ. იმედია, წელსაც ასეთი ძვირი არ დაგვიჯდება მოსავლის აღება“, - განუცხადა ჭითანავამ „ბიზნესპრესნიუსს“.
2022/23 წლიურ სეზონზე საქართველო, მიმდინარე სეზონის მსგავსად, 55 ათას ტონა ნაჭუჭიან თხილს აწარმოებს და იდენტური მაჩვენებლით ჩილეს, ჩინეთისა და აზერბაიჯანის დონეზე, მე-7 ადგილზეა. თუმცა მიმდინარე სეზონიდან დარჩენილი 5 ათასი ტონის დამატებით საქართველოს მთლიანი მიწოდება 60 ათასი ტონა იქნება, რითიც ქვეყანა წამყვანი სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.
რაც დრო გადის მუშახელის დეფიციტი სხვადასხვა დარგში სულ უფრო შესაჩნევია. კადრების დეფიციტზე საუბრობს ყველა ბიზნესი, სადაც ბრუნვა და მოთხოვნა გაზრდილია. მაგალითად, რესტორატორები სექტორში კადრების დეფიციტზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ტურიზმის აღდგენა დაიწყო და სარესტორნო ბიზნესი გამოცოცხლდა. დღესაც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება.
„დღეს ნებისმიერი ოპერატორისთვის არსებობს კადრების პრობლემა. მოზღვავებულია მოთხოვნა როგორც ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან, ასევე ტურისტების მხრიდანაც, ვინაიდან მათი რაოდენობა მზარდია. ხშირად ვამბობდი, რომ შეიძლება რესტორანი არ დარჩეს, რომელიც მომსახურების გაწევას შეძლებს-თქო. დღეს რესტორნები არსებობს, მაგრამ იმ რაოდენობით, რის შესაძლებლობა და პოტენციალიც გვაქვს, ნამდვილად არა.
სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“. - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს სარესტორნო სფეროში ადეკვატური ხელფასებია. მიმტანის ხელფასი ძირითადად 1500 ლარზე ნაკლები არ არის.