საქართველოში ჩამოსულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს პირველ რიგში ჰქონდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ ფორმატებში შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ჩვენ ერთი მხრივ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ის ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის ურყევად გააგრძელოს ის შეთავაზება, ის მზაობა ჩვენი მეზობლებისადმი, რომ მათ შეძლონ შედეგზე ორიენტირებული დიალოგისა და მოლაპარაკებების წარმოება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში„ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო სერიოზული გამოწვებების წინაშეა.
„ჩვენი რეგიონიც არ არის გამონაკლისი, რადგან ჩვენზე და ჩვენს მეზობლებზე პირდაპირ აისახება ეს გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნების მოწყვლადობა ძალიან მაღალია. ამიტომ ჩვენი საუბრების მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენი ერთობლივი, მჭიდრო კოორდინაციით, ერთობლივად უნდა შევძლოთ საერთო გამოწვევებთან გამკლავება და ჩვენს რეგიონში ურუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დღეს თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი გაიმართა. ერთი წლის წინ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში პირადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩართული. ქართულ-ამერიკული მედიაციის შედეგად, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა მნიშვნელოვანი აზერბაიჯანულ მხარეს დოკუმენტები გადასცა.