მოსალოდნელია თუ არა სურსათის გაიაფება ჯერ საერთაშორისო ბაზრებზე და შემდეგ უკვე საქართველოში? ანალიტიკოსების გათვლებით, 2023 წელს სასურსათო პროდუქციაზე ფასი მიმდინარე წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შემდეგ ცვლილებები უკვე ჩვენთანაც მოსალოდნელია, თუმცა იქამდე მინიმუმ 9-10 თვეა, რადგან მომავალი ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი არასერიოზულია.
ფაო-ს მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ღირებულება ოდნავ შემცირდა. ეს კი უკვე შეიძლება პოზიტიურ სიგნალად მივიჩნიოთ.
როგორც იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ დირექტორმა დიმიტრი რამიშვილმა განაცხადა, ფასის ზრდის ტემპი რაღაც ნიშნულზე ავიდა და ახლა მოსალოდნელია მისი დაღმასვლა.
„ფასებმა მიაღწია რაღაც პიკურ დონეს. ახლა კი ადაპტირებულად გადათამაშდება და დაჯდება, რაღაც დონეზე. რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სურსათის ახალი პარტიები, წინა პარტიებთან შედარებით, იაფი იქნება. მაგალითად, თუ სუპერმარკეტებში გახვალთ, ნახავთ, რომ 1 ლიტრი ზეთი ფასი 7,5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. ახლა, ძირითადად, ეს დიაპაზონია: გააჩნია რა ბრენდია, რა ხარისხია და ვისი წარმოებაა. შეიძლება ეს დიაპაზონი შემცირდეს და გახდეს 6-დან 8 ლარამდე“, - განაცხადა „მზიურის“ დირექტორმა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია კი ამბობს, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და თუკი საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაიკლებს, ეს ადგილობრივ ბაზარზეც მყისიერად აისახება.
„საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება ერთ-ერთი ფაქტორი იქნება იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი თვიურ ჭრილში მეტით არ გაიზრდება. საქართველოში ბერი კომპანიაა, კონკურენციაა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, რომელიც სწრაფად ბრუნვადია და ფასის ცვლილება საკმაოდ სწრაფად აისახება.
შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე თუ ფასები დაბლა წამოვა, დამერწმუნეთ, რომ საქართველოში წარმოუდგენელია ის ფასები შეინარჩუნო, რაც არის კონკურენციიდან გამომდინარე და ძალიან სწრაფად მოხდება ფასების დადებითი ნიშნულისკენ ცვლილება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
როგორც ხდება ხოლმე საქართველოში გაიაფების ტალღა ყველაზე ბოლოს აღწევს ხოლმე. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ ჯერჯერობით, პროდუქტების გაიაფების ტენდენცია არ შეინიშნება.
„საქართველოში პროდუქტების უმეტესი ნაწილი შემოდის რუსეთიდან და თურქეთიდან. თურქეთში ინფლაცია 80%-მდეა და შესაბამისად, ყველაფერი გაძვირებულია. ტრანსპორტირებაც თავისთავად ძვირია, საწვავის ფასის გათვალისწინებით. რაც შეეხება რუსეთს, იქ პროდუქცია არ გაძვირებულა, მაგრამ რუსული ვალუტა გამყარებულია. როდესაც იმპორტიორი ქართულ ბანკებს მიმართავს გადარიცხავისთვის რუბლში, რუსულ ფულს ახურდავებს 8-10%-ით ძვირად, ვიდრე რუსეთში არის კურსი დადგენილი. მაგალითად, თუ 1 დოლარი არის 55 მანეთი, ქართული ბანკები სთავაზობენ 50-51 მანეთს დოლარში. ამ პროდუქციის გაძვირებაში ბანკებს მიუძღვით წვლილი.
ჯერჯერობით, პროდუქციაზე ფასების დაწევის ტენდენცია არ შეინიშნება. რუსეთში ზეთზე საექსპორტო გადასახადი გაზარდეს და ფასებს ეს დაეტყო კიდეც. თუ აქამდე ზეთი დახლებზე ღირდა 7 ლარი, ახლა ამ ფასად მისი შეძენა შეუძლებელია და ფასები უმეტეს შემთხვევაში 9 ლარიდან იწყება.
ხორბალზეც გაზრდილია გადასახადი, ამიტომ უმეტესწილად ბოლო პერიოდში ფქვილი შემოდის, რაზეც ნულოვანი ბაჟია. რუსეთი იცავს თავის ბაზარს, ურჩევნია თავისმა წისქვილებმა იმუშავოს, ხალხი დაასაქმოს, ხელფასი გასცეს და ამიტომ საქართველოში შემოდის ფქვილი. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით ასეთი სურათია - ფასები მაღალია, მაგრამ დეფიციტი ნამდვილად არ შეინიშნება“, - განუცხადა ნიკა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ფაო-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3 პროცენტით იკლო და 2022 წლის ივნისში, საშუალოდ, 154.2 ქულა შეადგინა, თუმცა, ის 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებს 23.1 პროცენტით უსწრებს. ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.