დეოლიგარქიზაციის თემა ევროპარლამენტში მუდმივად აქტიურია და ამას, ძირითადად, „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობაში შემჩნეული ევროდეპუტატები ახმოვანებენ. უნდა ითქვას, რომ გარკვეული წარმატება ამ მხრივ მათ გააჩნიათ. მართალია, მათთვის სასურველი შედეგის დადგომა თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს და არა მარტო კონკრეტული პიროვნებებისათვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავი გამოიდო დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას პირდაპირ დაასახელა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავარ პრობლემად.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას და ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ საქართველო თითქოს ერთი ადამიანის ტყვეობაშია და თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“. ასე რომ, ეს არის ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, რომ აღარ იყვნენ ერთი ადამიანის მძევლები. ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, სადაც ნახსენებია სანქციები და ამაზე უნდა ვიფიქროთ.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყანას, რომ გათავისუფლდეს ასეთი, ღიად ვიტყვი, კრემლის მსგავსი პოლიტიკისგან. ჩემი ბოლო საკითხი შეეხება იმას, რომ უნდა დავეყრდნოთ სამოქალაქო საზოგადოებას. ვხედავთ მცდელობებს და ხალხი ორგანიზებას უწევს ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებს. ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მე ვხედავ ოპტიმისტურ მცდელობებს და ვფიქრობ, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ და ვიმედოვნებ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნებით ევროკავშირის ოჯახში“, - დაუფარავად გადმოალაგა თავისი გეგმები იუკნევიჩიენემ.
სკანდალი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აგორდა, როცა შვეიცარულმა ბანკმა გაუგონარი მიზეზებით ივანიშვილის კუთვნილი თანხების მითვისების მცდელობა წამოიწყო. იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დიმ“, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში ბანკის მხრიდან დარღვევებზე. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, რიგი გარემოებები ივანიშვილს აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა, შესაბამისად, შვეიცარული ბანკის წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია მოჰყავთ მიზეზად და ყველაფერს აკეთებენ, რომ მკაცრი ზომები გატარდეს პირადად ივანიშვილის მიმართ, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, შეჩერდება ის საქველმოქმედო პროექტები, რომლებსაც მისი ფონდი ახორციელებს. ეს არის ირიბად პრობლემების შექმნის მცდელობა ქართველი ხალხისთვის.
ანალოგიური მოსაზრებისაა ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელიც სანქცირების შემთხვევაში სწორედ ინფრასტრქუტურული და საქველმოქმედო პროექტების შეჩერების საფრთხეს ხედავს.
„ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეცენატს, ჩვენს ქვეყანაში მოაქვს ფული. ვიცით, რასაც ხარჯავდა იგი საჩხერეში, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში, გამოჩენილი ადამიანების დაფინანსებაში და სხვა. ინფრასტრუქტურული პროექტების ძირითადი ნაწილი ფინანსდება სწორედ ივანიშვილის მიერ. თვალში საცემია გამართული ობიექტები, რომელთა სახელი ივანიშვილს უკავშირდება. სახელმწიფო სისტემამ როგორ მიხედა, ეს უკვე სხვა საკითხია. ასეთი პროექტებს საფრთხე ემუქრება, რადგან სანქცირების შემთხვევაში ფინანსების მოძრაობა შეწყდება“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილისთვის ფინანსური შეზღუდვების დაწესება, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიწვევს პრობლემებს, რის გავლენასაც დროთა განმავლობაში ყველა იგრძნობს.
„თუკი ბიძინა ივანიშვილს დასახარჯი ფული აღარ იქნება და ვერც ინფრასტრუქტურაში ჩაიდება რესურსი, ეს ყველაფერი დააკლდება ქვეყანას, რეალურ სავაჭრო ბრუნვას და ეკონომიკა დაზარალდება, ამიტომ მტკივნეულად იგრძნობს ქვეყანა. მიმაჩნია, რომ არ უნდა გვიხაროდეს, რომ სანქციებს დაუწესებენ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.
დიდება სტალინს, დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!