„ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია კანონების მიღება... დიდი ხანია განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე მაგიდაზეა. მას კენჭი უკვე პირველი მოსმენით ეყარა. ასე რომ, შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს და ეს პირობა უკვე შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ელჩი განმარტავს, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რეფორმების პროცესის ძალიან სწრაფად გაგრძელებაა შესაძლებელი.
„მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია კანონების მიღება. ეს გასული წლის დეკემბერში ვნახეთ. ასე რომ, მე მჯერა, რომ თუ იქნება ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსი პირველ რიგში აუცილებლობაზე და ეს აუცილებლობა არის ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და კანონმდებლობის სასურველ ფორმამდე მიღწევის გზა, დარწმუნებული ვარ, ეს შეიძლება მიღწეულ იქნას. დიდი ხანია განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკვე მაგიდაზეა. მას კენჭი უკვე პირველი მოსმენით ეყარა. ასე რომ, შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს და ეს პირობა უკვე შესრულდება. ანტიკორუფციული სტრატეგია ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბევრი სხვა რეფორმა. თუ ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, თუ არის ნება, შეგიძლიათ ძალიან სწრაფად გააგრძელოთ რეფორმების პროცესი და ეს ნება უნდა გამოიჩინოს ორივე პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ძალმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. ვიმეორებ ერთიანობის, პასუხისმგებლობისა და კონსტრუქციული მიდგომისაკენ ამ მოწოდებას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ელჩი.