პრემიერი: ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ აგორებული კამპანია ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად

პრემიერი: ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ აგორებული კამპანია ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად

„შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებული კამპანია ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ვინაიდან გარკვეულ ძალებს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არ აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოვიდა.

„პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.

როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.

რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ „ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.

2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.

ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ.

რა თქმა უნდა, ბრძოლისა და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.

2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.

იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

Aburjga Tasmanieli დიახ, მასეა! ხომ ხედავთ, რომ ე.წ. ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული და ზერელე "მოკავშირეები", მოკლედ მთელი კოლექტიური დასავლეთი ძალიან აქტიურად მოქმედებს საქართვველოს სხაელმწიფოს სუვერენიტეტის მაქსიმალურად შესაკვეცად და უპირობო კოლონიურ მდგომარეობაში გადასაყვანად! მთელი დატვირთვით მუშაობენ! კიდევ რაღა მტკიცებულებები გნებავთ, სანამ ფეხით არ შეგვდგებიან და დესანტს არ გადმოსხამენ მანამ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას აპირებთ?! დაუძახეთ, მომხრეებს, ქუდზე კაცს და მოვთხოვოთ ამ მტარვალებს დატოვონ საქართველო და თან წაიყვანონ მათ მიერ გამოზრდილი მე-5 კოლონა და იმათი უჭულ-ბუჭულები ანუ ისინი ვინც ეგზომ მიილტვიან ევროპისაკენ!
2 წლის უკან