„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება, ყველა პოლიტიკური სუბიექტის ჩართულობას მოითხოვს.
„მნიშვნელოვანია, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან ეს არ არის „ქართული ოცნების“ ან ოპოზიციის დღის წესრიგი, ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, რომლის შესრულებაშიც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, პროცესი გაწერილ ვადებში დასრულდეს და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე მომუშავე ჯგუფი მომავალ კვირაშიც შეიკრიბება. ამ ჯგუფის ბაზაზე უნდა შეიქმნას კანონპროექტი, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.